"რეალთან" ნეიმარისა და მბაპეს გარეშე
ოთხშაბათს გასამართ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში პსჟ-ს „რეალის“ წინააღმდეგ ნეიმარისა და კილიან მბაპეს გარეშე თამაში მოუწევს.
ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, რომელიც მას უეფა-მ მსაჯების მიმართ გამოთქმული არაკორექტული გამოთქმების გამო დაუწესა. ნეიმარმა 1/8 ფინალში „მანჩესტერთან“ მარცხის შემდეგ სოციალური ქსელით არბიტრების კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა.
რაც შეეხება მბაპეს, მას კუნთების დაზიანება აქვს და იმის მიუხედავად, რომ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, „ლოს ბლანკოსის“ წინააღმდეგ მის მოედანზე გამოჩენას არ ელიან.
დიდი ალბათობით, ასევე არ იქნება ედინსონ კავანი, რომელსაც პარიზელთა ახალწვეული მაურო იკარდი შეცვლის. ფრანგების მხრიდან ტილო კერერი და ჯულიან დრაქსლერიც ვერ ითამაშებენ.
კაპიტნის გარეშე იქნება „რეალი“, რადგან სერხიო რამოსი დისკვალიფიცირებულია, იგივე სასჯელი აქვს ნაჩოსაც.
პსჟ-სა და „რეალის“ შეხვედრა ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათიდან პარიზში ჩატარდება.