Aa
Aa

დე ლაურენტისი: "მათ გასაბედნიერებლად „მილანი“ ვიყიდო"?

იმის მიუხედავად, რომ „ნაპოლი“ ბოლო ორი სეზონია სერია A-ს გათამაშებას მე-2 ადგილზე ასრულებს, გუნდის საშინაო მატჩებზე დასწრების მაჩვენებელი უმაღლესი ლიგის მასშტაბით მხოლოდ მე-7 შედეგია.

ნეაპოლიტანელთა პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს უკვირს, რომ მისი გუნდის თამაშებზე ცოტა ხალხი დადის და ამაზე პრესასთან ღიად საუბრობს. დე ლაურენტისის თქმით, მას არ ესმის, რატომ აქვს სერია C-ს კლუბ „ბარის“ „ნაპოლიზე“ მაღალი საშუალო დასწრება.

„მესმის, რომ ნეაპოლელებს ჩრდილოელების შურის ფონზე ცხოვრება უწევთ და ისიც ვიცი, რომ ჩვენთან, სამხრეთში, იქაური კლუბების - „იუვენტუსის“, „ინტერისა“ და „მილანის“ ბევრი გულშემატკივარია. რა გავაკეთო, მათ გასაბედნიერებლად „მილანი“ ვიყიდო?

მეორე მხრივ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ ჰყავს სერია C-ს კლუბ „ბარის“ საშინაო მატჩებზე საშუალოდ უფრო მეტი მაყურებელი, ვიდრე „ნაპოლის“. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ბილეთების ფასი შევამცირეთ“.

„ნაპოლის“ არენა „სან პაოლო“ 55 000 გულშემატკივარს იტევს, თუმცა გასული სეზონის სრული სტატისტიკით, საშუალო დასწრების მაჩვენებელი 28 768-ს უტოლდებოდა. საშუალო დასწრებით ლიდერი მილანური კლუბები არიან - „ინტერის“ შეხვედრებს საშუალოდ 61 423 ადამიანი ადევნებდა თვალს, „მილანის“ შემთხვევაში ანალოგიური მონაცემი 54 651 გახლდათ, ხოლო „იუვენტუსის“ შეხვედრებზე საშუალოდ 39 231 ტიფოზი დადიოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები