Aa
Aa

მესი: "არ ვიცი ბარსელონამ ნეიმარის დასაბრუნებლად მაქსიმუმი გააკეთა თუ არა"

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას პრაქტიკულად ყველა უცხოური გამოცემა ნეიმარის შესახებ წერდა. ბრაზილიელ ფეხბურთელს „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და „ნეი“ „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩა.

ამ ფაქტს „ბლაუგრანას“ სუპერვარსკლავი, ლეო მესი გამოეხმაურა. ნეიმარის საპნის ოპერის შესახებ „ლა პულგამ“ კატალონიურ გამოცემა Sport-თან ისაუბრა და აღნიშნა: „მოხარული ვიქნებოდი ნეიმარი რომ დაბრუნებულიყო. სიმართლე გითხრათ არ ვიცი ბარსელონამ მის დასაბრუნებლად მაქსიმუმი გააკეთა თუ არა, თუმცა დარწმუნებული ვარ პსჟ-სთან მოლაპარაკებების გამართვა ადვილი ნამდვილად არაა“.

„იმედგაცრუებული არ ვარ. შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელიც ნეიმარის გარეშეც ყველა ფრონტზე იბრძოლებს. საფეხბურთო თვალსაზრისით ნეი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი ტრანსფერი კლუბს ფინანსური კუთხითაც წაადგებოდა“.

ზაფხულში იწერებოდა, რომ მესი ნეიმარის შეძენას ითხოვდა, თუმცა არგენტინელმა ყველაფერი კატეგორიულად უარყო: „მე ნეიმარის გაფორმება არ მომითხოვია, უბრალოდ ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი აზრი დავაფიქსირე“.

რამდენიმე დღის წინ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ აღნიშნა, რომ ნეიმარის გადაბირება კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედის. თუმცა „ბლაუგრანას“ დირექტორის, ხავიერ ბორდასის ბოლოდროინდელი განცხადებები სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს, ბორდასმა ესპანურ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ „ბარსელონა“ ნეიმარის ტრანსფერით კვლავ ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები