Aa
Aa

ფეკირმა "ლივერპულში" ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა

„ბეტისის“ ფრანგმა ფეხბურთელმა, ნაბილ ფეკირმა „ლივერპულში“ ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. 26 წლის შემტევი „ენფილდზე“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. უცხოური პრესა იტყობინებოდა, რომ კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ, თუმცა ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა.

ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით სამედიცინო შემოწმების შემდეგ „მერსისაიდელები“ მუხლთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეშფოთდნენ და ფეკირის შეძენაზე უარი განაცხადეს.

ფრანგმა ფეხბურთელმა თავისი სატრანსფერი საგა L'Equipe-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა და განაცხადა: „მაშინ ბევრი ტყუილი ითქვა. გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მუხლთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს. როცა სამედიცინო შემოწმება გავიარე, მუხლი არც კი უხსენებიათ“.

„მაშინ ამბობდნენ, რომ ტრანსფერი ჩემი ოჯახის გამო ჩაიშალა. ეს სრული სიცრუეა“.

„სიმართლის მოსმენა გსურთ? დამერწმუნეთ, მეც არ ვიცი რა მოხდა. სამედიცინო შემოწმება გავიარე და შემდეგ ლივერპულმა ჩემს გაფორმებაზე უარი თქვა. მათ უნდოდათ დამეჯერებინა, რომ ყველაფერი მუხლის ტრავმას უკავშირდებოდა, მაგრამ ეს გამოგონილი მიზეზი გახლდათ და სხვა არაფერი“.

„სამედიცინო შემოწმების შედეგად ყველაფერი ნათელი იყო - მუხლთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მქონდა და თავს მშვენივრად ვგრძნობდი“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები