Aa
Aa

მიესალმეთ პირველ კანადელ ჩემპიონს! - ბიანკა ანდრეესკუმ სერენა დაამარცხა და US OPEN-ი მოიგო!

ამერიკის ღია პირველობის 2019 წლის ქალთა თანრიგის გამარჯვებული 19 წლის ბიანკა ანდრეესკუ გახდა. თინეიჯერმა კანადელმა ფინალურ შეხვედრაში ლეგენდარულ სერენა უილიამსს მისსავე ქვეყანაში 2 სეტში 6:3; 7:5 მოუგო.

პირველ სეტში ანდრეესკუ დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მეტოქისთვის ბრეიკ-პოინტიც არ მიუცია, იგივე გაგრძელდა მეორე პარტიაშიც, რომელშიც კანადელი 5:1 დაწინაურდა, მაგრამ, თურმე, დრამა წინ იყო...

უილიამსმა 1:5-დან ანგარიში გაათანაბრდა და თამაშში დაბრუნდა, მაგრამ სეტში ბოლომდე ვეღარ გაძლო და ტიტული თინეიჯერ მეტოქეს დაუთმო.

ბიანკა ანდრეესკუ დიდი სლემის ტურნირზე მეოთხედ მონაწილეობდა, უშუალოდ ამერიკის ღია პირველობაზე კი საერთოდ პირველად თამაშობდა. ღია ერაში იგი პირველი კანადელია, რომელმაც ერთეულთა შორის დიდი სლემის ტიტული მოიპოვა.

ამასთანავე, ღია ერაში ანდრეესკუ პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც US OPEN-ი დებიუტისას მოიგო, ზოგადად დიდი სლემის ტურნირებზე კი ასეთი მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა.

1990 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა ჩოგბურთელმა დიდი სლემის ტიტულის მოგება მხოლოდ მეოთხე ცდიდან შეძლო - მაშინ იგივე შედეგი ლეგენდარულ მონიკა სელეშს ჰქონდა, რომელიც როლან გაროსის ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სვეტლანა კუზნეცოვას 2004 წლის შედეგის შემდეგ ანდრეესკუ US OPEN-ის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია, მარია შარაპოვას შემდეგ კი ასევე პირველია, რომელმაც დიდი სლემის ტიტული თინეიჯერობის პერიოდში მოიგო.

სერენა უილიამსმა ზედიზედ მეოთხე დიდი სლემის ტურნირის ფინალური მატჩი წააგო. ბავშვის შეძენის შემდეგ უმცროსი უილიამსი სადიდსლემო ტიტულის მოპოვებას ვეღარ ახერხებს.

19 წლის კანადელი US OPEN-ის ჩემპიონობისთვის 3 800 000 ამერიკულ დოლარსა და 2000 სარეიტინგო ქულას მიიღებს. იგი მომავალი კვირიდან მსოფლიო კლასიფიკაციის მე-5 ადგილზე აინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები