ალყა რესტორანთან -
Aa
Aa

ალყა რესტორანთან - "სამპდორიას" პრეზიდენტს კლუბის ფანებმა ლანჩი არ დაასრულებინეს

გენუის "სამპდორიას" პრეზიდენტ მასიმო ფერეროს პოლიციის დახმარება დასჭირდა. გენუაში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფერერო ლანჩს მიირთმევდა, როცა შენობას "სამპას" ტიფოზებმა ალყა შემოარტყეს და ფერეროსთან შეხვედრას ითხოვდნენ.

გენუელთა ფანები ფერეროს კლუბის გაყიდვისკენ მოუწოდებენ. "ბლუჩერკიატის" შეძენა კლუბის ლეგენდის, ჯანლუკა ვიალის, კომპანიას სურს და ის ამ საკითხზე მოლაპარაკებებს რამდენიმე თვეა მართავს. ბოლო დღეებში საუბარი ჩიხში კიდევ ერთხელ შევიდა, რამაც ტიფოზების უკმაყოფილება გამოიწვია.

გენუელი ქომაგები რესტორნის შემოგარენში გამაგრდნენ და ფერეროსთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა იგი კლუბის გაყიდვაში დაერწმუნებინათ. 

საბოლოოდ, რესტორნის დაცვამ და პოლიციამ ფერერო ერთობლივი ძალებით გადაარჩინეს და იგი შემთხვევის ადგილს გაარიდეს, რის შემდეგაც ვითარება განიმუხტა.

"სამპამ" გასული სეზონი სერია A-ს მე-9 პოზიციაზე დაასრულა, წელს გუნდს სათავეში ეუსებიო დი ფრანჩესკო ჩაუდგა, თუმცა საწყის 2 ტურში "ბლუჩერკიატის" ჯერ ქულა არ აუღია - "ლაციოსთან" და "სასუოლოსთან" წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები