Aa
Aa

კეპამ სარისთან დაპირისპირება გაიხსენა

ლონდონის „ჩელსის“ ესპანელმა გოლკიპერმა, კეპა არისაბალაგამ 2019 წლის „კარაბაოს თასის“ ფინალში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ „ლურჯებმა“ გადამწყვეტი შეხვედრა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ჩაატარეს. მეორე დამატებული ტაიმის მიწურულს არისტოკრატების“ თავკაცმა, მაურიციო სარიმ 24 წლის გოლკიპერის შეცვლა სცადა.

იტალიელ სპეციალისტს სურდა თერთმეტმეტრიანების სერიაში ლონდონელთა კარი ვილი კაბალიეროს დაეცვა, თუმცა კეპა სარის დაუპირისპირდა და მოედნის დატოვებაზე უარი განაცხადა. ესპანელმა მეკარემ ბოდიში მალევე მოიხადა, თუმცა საფეხბურთო სამყაროს კრიტიკას ვერ გადაურჩა.

ინციდენტის შესახებ კეპას Cadena Ser-ს ესაუბრა და განაცხადა: „მომხდარით ნამდვილად არ ვამაყობ. იმ უქმეებზე კრიტიკის ქარიშხალი დამატყდა“.

„სარის ეგონა, რომ ტრავმირებული ვიყავი. მოვლენები სწრაფად განვითარდა და მოხდა ის, რაც მოხდა. მოგვიანებით ყველას ბოდიში მოვუხადე და მაურიციოსაც ვესაუბრე, მაგრამ მაშინ ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა“.

„გუნდში პრობლემები მეორე დღესვე მოგვარდა. ჭკუა ვისწავლე და ამიერიდან პირველი დამატებული ტაიმის დასრულების შემდეგ მწვრთნელებს კითხვებს დავუსვამ ხოლმე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები