Aa
Aa

ფედერერი US OPEN-ს გამოეთიშა - შვეიცარიელი ლეგენდა დიმიტროვთან დამარცხდა

ნიუ იორკში მიმდინარე US OPEN-ზე მამაკაცთა და ქალთა შორის პირველი ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა.

მამაკაცთა თანრიგში სენსაცია დაფიქსირდა როჯერ ფედერერისა და გრიგორ დიმიტროვის მატჩში. ლეგენდარული შვეიცარიელი ბულგარელ მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში 7:0-ს უგებდა და გუშინდელ თამაშშიც უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

დიმიტროვი პარტიებში 1:2-ს აგებდა, რის შემდეგაც ბოლო ორი სეტი დამაჯერებლად ჩაატარა და ფედერერი კარიერაში პირველად დაამარცხა - 3:6; 6:4; 3:6; 6:4; 6:2. დიმიტროვი ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში პირველად ითამაშებს.

28 წლის ბულგარელის მეტოქე დანილ მედვედევისა და სტენ ვავრინკას მატჩში გაირკვა. რუსმა ამომავალმა ვარსკვლავმა გამოცდილ მოწინააღმდეგეს დამაჯერებლად აჯობა - 7:6; 6:3; 3:6; 6:1. მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში პირველად გავიდა, ამასთანავე, მან წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა.

ამერიკის ღია პირველობაზე მე-100 გამარჯვება იზეიმა სერენა უილიამსმა, რომელსაც ჩინელ ვან სიანთან არანაირი პრობლემა არ შექმნია - 6:1; 6:0. 38 წლის ამერიკელს აზიელი მეტოქის დასამარცხებლად სულ რაღაც 44 წუთი დასჭირდა, რაც მიმდინარე სეზონში WTA-ს უმოკლესი მატჩი გამოდგა.

მორიგი სოლიდური შეხვედრა ჩაატარა ელინა სვიტოლინამ, რომელმაც ბრიტანელ ჯოანა კონტას 2 სეტში - 6:4; 6:4 აჯობა და ნახევარფინალში სწორედ სერენაზე გავიდა. ელინას კონტასთან ჯერ ურთიერთშეხვედრა არ წაუგია და მასთან საერთო ანგარიში 5:0 გახადა. სვიტოლინა პირველი უკრაინელი ქალია, რომელიც ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები