Aa
Aa

შკრტელი "ატალანტას" მისვლიდან 3 კვირაში ტოვებს

ბერგამოს „ატალანტაში“ გადასვლიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ მარტინ შკრტელი გუნდის რიგებს დატოვებს. ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს და წერს, რომ სლოვაკი მცველის „ნერაძურიდან“ წასვლის მიზეზი მთავარ მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინისთან კონფლიქტია.

შკრტელს ბერგამოელებთან 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ეთამაშა, თუმცა მხარეებმა ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.

როგორც ირკვევა, შკრტელმა გასპერინის ვარჯიშის მეთოდებსა და ტაქტიკურ ხედვებს ვერ აუღო ალღო.

„შავ-ლურჯებს“ 34 წლის მცველის ჩასანაცვლებლად საათები რჩებათ, ისინი „სევილიას“ საიმონ კიაერის ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდნენ. დანიელი მცველი ანდალუსიელთა ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და „სანჩეს პისხუანის“ დატოვების წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

კიაერისთვის სერია A უცხო არაა, იგი საფეხბურთო სამყარომ სწორედ „ლეგა კალჩოთი“ გაიცნო, როცა „პალერმოსა“ და „რომას“ მაისურით თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები