Aa
Aa

US OPEN - დღე 4 - ნადალი შემდეგ წრეში უბრძოლველად გავიდა

რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობის მე-3 წრეში უბრძოლველად გააღწია. ესპანელ ლეგენდას ტანასი კოკინაკისის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა ავსტრალიელმა შეხვედრის ჩატარებაზე უარი განაცხადა. „მატადორი“ შემდეგ რაუნდში სამხრეთ კორეელ ჰიონ ჩონ მინს დაუპირისპირდება.

5-სეტიან ბრძოლაში იმარჯვა მსოფლიოს მე-6 ჩოგანმა, ალექსანდრ ზვერევმა, რომელმაც ამერიკელ ფრენსის ტიაფოს 6:3; 3:6; 6:2; 2:6; 6:3 აჯობა და 1/16 ფინალში ალიაჟ ბედენეზე გავიდა.

დამაჯერებლად გაიარა ჟერემი შარდის ბარიერი სტენ ვავრინკამ. 34 წლის შვეიცარიელმა მე-3 სეტი ტაიბრეიკზე წააგო, დანარჩენ 3 პარტიაში კი სიტუაციას დამაჯერებლად აკონტროლებდა და მთელ მატჩში საკუთარი მოწოდება ერთხელაც არ წაუგია. ვავრინკას შემდეგი მეტოქე იტალიელი პაოლო ლორენცი იქნება.

ასევე 4 სეტის თამაში მოუწია მსოფლიოს მე-5 ჩოგან დანილ მედვედევს, რომელმაც ბოლივიელი უგო დელიენი საკმაოდ რთულ შეხვედრაში დაამარცხა - 6:3; 7:5; 5:7; 6:3. მედვედევი ფელისიანო ლოპესს შეხვდება და თუ მოუგებს, შესაძლოა, 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გახდეს.

მარინ ჩილიჩმა გერმანელ სედრიკ-მარსელ შტებესთან 4-სეტიანი მძიმე ბრძოლა გადაიტანა, ჯონ ისნერმა კი იან-ლენარ შტრუფს 3 სეტში მოუგო, შესაბამისად, მომდევნო წრეში US OPEN-ის 2014 წლის ჩემპიონი ჩილიჩი და მასპინძელთა მთავარი იმედი ისნერი ერთმანეთს შეხვდებიან.

ქალთა შორის ტურნირს გამოეთიშა მსოფლიოს მე-4 ჩოგანი და უიმბლდონის მოქმედი გამარჯვებული, სიმონა ჰალეპი. რუმინელმა ადგილობრივ ტეილორ ტაუნსენდს პირველი სეტი მოუგო, თუმცა გადამწტვეტ პარტიაში ტაიბრეიკზე დამარცხდა და ნიუ იორკიდან ნაადრევად აბარგება მოუწევს, ტაუნსენდი კი სორანა კირსტიზე გავიდა.

წარუმატებელი დღე ჰქონდა ტურნირის მე-6 ნომერ პეტრა კვიტოვასაც, რომელმაც ანდრეა პეტკოვიჩთან ორ სეტში 4:6; 4:6 წააგო. გერმანელმა ელიზ მერტენსთან თამაშის უფლება მოიპოვა.

ორ სეტში იმარჯვეს ელენა ოსტაპენკომ, კიკი ბერტენსმა და ჯულია გერგესმა, ჯოანა კონტამ კი მარგარიტა გასპარიანს საერთოდ 1 გეიმი დაუთმო. გერგესი და ბერტენსი ერთმანეთს შეხვდებიან, ხოლო კონტა - ჟანთან, ოსტაპენკო კი ანთან ითამაშებს.

მომდევნო რაუნდის მთავარი მატჩი კი კაროლინ ვოზნიაცკისა და ბიანკა ანდრეესკუს შორის ჩატარდება. 29 წლის დანიელმა ადგილობრივ როუზ კოლინზს რთული 3-სეტიანი ბრძოლა 4:6; 6:3; 6:4 მოუგო. რაც შეეხება შესანიშნავ სვლაზე მყოფ ანდრეესკუს, მან ბელგიელ კირსტენ ფლიპკენსს 6:3; 7:5 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები