Aa
Aa

"მას კარიერული მაქსიმუმი ჯერ არ უჩვენებია" - კონტემ ლუკაკუ შეაქო

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, „ლეჩესთან“ 4:0 მოგებული მატჩის შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა. „კონტისიმეს“ საუბრის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი „შავ-ლურჯთა“ ახალწვეულ რომელუ ლუკაკუს შეეხებოდა.

50 წლის სპეციალისტის თქმით, ბელგიელს საკუთარი კარიერული მაქსიმუმი ჯერ არ უჩვენებია და მისი ნიჭის სათანადოდ განვითარებაზე „ნერაძურიში“ ერთობლივად იმუშავებენ.

„რომელუმ დღეს უკვე აჩვენა, თუ როგორი მოთამაშეა და რატომ ცდილობდა კლუბი მის შეძენას ასე მონდომებით. მას ვიცნობდი როგორც ფეხბურთელს, თუმცა არ ვიცნობდი მის ადამიანურ თვისებებს. მინდა ვთქვა, რომ მისი პიროვნული ღირებულებების აღმოჩენით ბედნიერი ვარ. გუნდთან ინტეგრაცია მალევე შეძლო, რადგან ძალიან უშუალოა და თავი უკვე ყველას შეაყვარა.

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ იგი მხოლოდ 26 წლისაა და დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოუვლენია. მისი ტალანტის რეალიზებისთვის ერთობლივად ვიმუშავებთ.

ხალხი მასში გადახდილ 65 მილიონ ევროზე საუბრობს, თუმცა მისი კონტრაქტი 5 წლით გვეკუთვნის, ამიტომ, შესაძლოა, ეს არც ისე დიდი თანხა იყოს“.

რომელუ ლუკაკუმ „ლეჩეს“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და 1 გოლის გატანა შეძლო. მის გარდა „ნერაძურის“ მხრიდან თავი მარსელო ბროზოვიჩმა, სტეფანო სენსიმ და ანტონიო კანდრევამ გამოიჩინეს. კონტეს გუნდი ჩემპიონატის მეორე ტურში სტუმრად „კალიარის“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები