Aa
Aa

"ქამბექები" გადამწყვეტ სეტში - ქართველებმა US OPEN-ი გამარჯვებებით გახსნეს!

ქართველმა ჩოგბურთელებმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება წარმატებით დაიწყეს. ორივე მათგანმა რთული შეხვედრის მოგება შეძლო.

ბასილაშვილი უხერხულ მეტოქეს, უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს დაუპირისპირდა და კორტზე 3 საათისა და 41 წუთის გატარება მოუწია.

ტურნირზე მე-17 ნომრად განთესილმა ქართველმა გადამწყვეტ სეტში 1:3-დან ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და ურთულესი მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 3:6; 6:4; 6:2; 3:6; 6:3.

ნიკა მე-2 წრეში მსოფლიოს 394-ე ჩოგან ჯენსონ ბრუკსბის შეხვდება, რომელმაც სენსაცია შემოგვთავაზა და ტომაშ ბერდიხი 4 სეტში დაამარცხა. ბრუკსბი 18 წლის ამერიკელია და ტურნირზე Wild Card-ის წყალობით მოხვდა. წყვილში გამარჯვებული მე-3 რაუნდში ოპელკა-კუპფერის შეხვედრაში მოგებულს დაუპირისპირდება.

დიდი სლემის ტურნირების ძირითად ბადეში სადებიუტო მატჩი ჩაატარა 21 წლის მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც ამერიკელ ბერნარდა პერას შეხვდა და 3 სეტში გაიმარჯვა.

პირველი ორი სეტის უდიდეს ნაწილში ქართველი მსოფლიოს 65-ე ჩოგანს ყველა ასპექტში სჯაბნიდა, თუმცა მატჩზე ჩაწოდებისას საკუთარი გეიმი წააგო, რაც თამაშში პირველად მოხდა.

ბოლქვაძეს მცირე ჩავარდნა დაეწყო და მეორე სეტის წაგებასთან ერთად მე-3 სეტშიც 0:2 ჩამორჩა. როცა „დისაიდერში“ ანგარიში 2:4 გახდა, ქართველმა მოუმატა და ზედიზედ 4 გეიმის მოგებით მასპინძელ მეტოქეს თამაში 2 საათსა და 21 წუთში - 6:3; 5:7; 6:4-ით დაუსრულა.

ახალგარზდა ქართველს US OPEN-ზე შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა და 70 სარეიტინგო ქულა უკვა გაინაღდა, რაც WTA-ს კლასიფიკაციაში დაახლოებით 30 ადგილით დააწინაურებს და მსოფლიოს 200 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის პირველად აღმოჩნდება.

მარიამ ბოლქვაძე ტურნირის მეორე რაუნდში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩოგბურთელს და ამჟამინდელ მე-3 ჩოგან ჩეხ კაროლინა პლიშკოვას შეხვდება.

ხვალიდან საქმეში კიდევ ერთი ქართველი, ოქსანა კალაშნიკოვა, ჩაერთვება, რომელიც ქალთა წყვილთა თანრიგში ეკატერინა ალექსანდროვასთან ერთად ითამაშებს. ქართულ-რუსული ახლადჩამოყალიბებული დუეტი ბრენგლი-შიბაჰარას ასევე ამ ტურნირისთვის შექმნილ წყვილს გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები