მბაპე ერთ თვეს იუქმებს
„პარი სენ-ჟერმენმა“ დაადასტურა, რომ კილიან მბაპე დაახლოებით ოთხ კვირას გამოტოვებს. ფრანგმა სუპერვარსკლავმა „ტულუზასთან“ მატჩში მყესი დაიზიანა და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.
რამდენიმე წუთის წინ „პარკ დე-პრენსის“ ბინადრებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ვკითხულობთ: „გუშინ კილიან მბაპემ მარცხენა ფეხის მყესი დაიზიანა. დღეს დილით ჩატარებული ტესტების შედეგად დადგინდა, რომ იგი დაახლოებით ოთხ კვირას გამოტოვებს. ყველაფერი სამკურნალო პერიოდის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული“.
შეგახსენებთ, რომ „ტულუზასთან“ მატჩში მბაპეს გარდა ტრავმა პსჟ-ს კიდევ ორმა ფეხბურთელმა მიიღო. შეხვედრის მე-14 წუთზე მოედნის დატოვება ურუგვაელ თავდამსხმელს, ედინსონ კავანის მოუწია. პირველი ტაიმის მიწურულს კი „პარი სენ-ჟერმენის“ თავკაცმა, ტომას ტუხელმა კიდევ ერთი იძულებითი ცვლილება გააკეთა. ამჯერად აბდუ დიალო დაიმტვრა, ვის ნაცვლადაც თამაშში ტიაგო სილვა ჩაერთო.