"რომაში" სეზონში ნათამაშები 48 წუთის შემდეგ ჩორიჩი "ალმერიაში" გადადის
ხორვატი ტალანტი, ანტე ჩორიჩი, „რომადან“ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბ „ალმერიაში“ 1-წლიანი იჯარით გადაბარგდება. ჩორიჩი ესპანეთში გუშინ ჩავიდა და პირადი კონტრაქტის ბოლო დეტალებს ადგილზე შეათანხმებს.
ფეხბურთელი ანდალუსიურ კლუბში მშრალი იჯარის წესით გადავა, 1 წლის შემდეგ კი „ალმერიას“ მისი 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნება.
„რომაში“ ჩორიჩის ხელფასი 1 მილიონი ევრო იყო და მხარეებს შორის მოსალაპარაკებელი სწორედ ეს ერთადერთი დეტალი დარჩა - რომელი მათგანი გადაიხდის ხელფასს.
ანტე ჩორიჩი ხორვატიული ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლება, თუმცა მას პირველი იტალიური სეზონი აშკარად ჩაუვარდა და „ჯალოროსის“ მაისურით მოედანზე მხოლოდ 48 წუთით ვიხილეთ. იგი „გლადიატორებმა“ გასულ ზაფხულს ზაგრების „დინამოდან“ 6 მილიონ ევროდ შეიძინეს.