„რეალი“ და ნეიმარი
Aa
Aa

„რეალი“ და ნეიმარი

ესპანეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ნეიმარის ბედი კი ჯერ არ გარკვეულა. ბრაზილიელი ფეხბურთელის გადასაბირებლად „ბარსელონა“ და „რეალი“ იბრძვიან. ესპანურ გრანდებს დიდად არ ანაღვლებთ ის რისკები, რომლებიც „ნეის“ ტრანსფერს უკავშირდება. მათთვის მთავარი მოსისხლე მტრის დამარცხება და საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებაა.

ბრაზილიელ სუპერვარსკლავთან დაკავშირებით Marca საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აქცენტს „რეალის“ მიდგომაზე აკეთებს.

განსხვავებული ტაქტიკა

ნეიმარის დასაყოლიებლად „ბლაუგრანა“ და „ბლანკოსი“ განსხვავებულ ტაქტიკას იყენებენ. „ბარსელონას“ ყველაფერი სააშკარაოზე გამოაქვს. მაგ: მოლაპარაკებების შედეგები, პსჟ-სთვის გაკეთებული შეთავაზებები და კლუბის ხელმძღვანელობის მიზნები. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს "ბარსას" მესვეურებს სურთ მესისა და კომპანიას აჩვენონ, რომ „ნეის“ ტრანსფერის გასაჩარხად მაქსიმუმს აკეთებენ. ერთ-ერთი ფრანგული გამოცემა კატალონიელთა ქმედებებს ბლეფს უწოდებს, რომელსაც „ბარსელონა“ იმიტომ იყენებს, რომ ლეო მესი უკმაყოფილო არ დარჩეს...

„რეალთან“ მიმართებით ყველაფერი სხვანაირადაა. „სამეფო კლუბი“ მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და პასიურ პოლიტიკას ირჩევს. „ბლანკოსს“ კავშირი როგორც პარიზული გრანდის ხელმძღვანელებთან, ასევე ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან აქვს და სჯერა, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს შანსს მიიღებს.

გადამწყვეტი შეთავაზება

„პარი სენ-ჟერმენი“ თანახმაა ნეიმარი სავალდებული იჯარით გაუშვას, რასაც „კამპ ნოუზეც“ აქტიურად განიხილავენ. თუ „ბარსელონამ“ უკეთესი წინადადება მოამზადა (როგორც იცით პსჟ-მ პირველი შეთავაზება უარყო), „რეალი“ კულისებს მიღმა ვეღარ იმოქმედებს და გააქტიურება მოუწევს. ფლორენტინო პერესი მზადაა გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას და „ბარსელონას“ კოშმარად იქცეს. რა სჯობს, როცა მოსისხლე მტერს ცხვირწინ იმ ფეხბურთელს აცლი, რომლის გადაბირებას მთელი ზაფხულია ცდილობს.

თანაც „ბლანკოსის“ პირველმა პირმა იცის, რომ „რეალის“ ქომაგები წინასასეზონო მატჩებში ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილოები არიან და ცვლილებების გატარებას ითხოვენ. ფლორენტინოს კი უკან დახევა რომ არ სჩვევია, ყველასთვის ცნობილი ფაქტია.

ფეხბურთელები და 100 მილიონი

„რეალსა“ და პსჟ-ს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ. აქედან გამომდინარე მადრიდში მიაჩნიათ, რომ სათანადო წინადადების მომზადების შემთხვევაში, პარიზელებისგან თანხმობას მიიღებენ. თანაც „ბლანკოსი“ უპირატესობით სარგებლობს. მადრიდელებს გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი აქვთ და პსჟ „სამეფო კლუბის“ ერთბაშად რამდენიმე მოთამაშით ინტერესდება.

„რეალში“ იციან, რომ ლეონარდო ნეიმარს 250 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა მზადაა ტრანსფერში ფეხბურთელთა ჩართვაზე თანხმობა განაცხადოს. ოღონდ დაახლოებით 100 ან 120 მილიონი ევროს მიღება სურს. პარიზელები ვინისიუსზე, კურტუაზე და კაზემიროზე ფიქრობენ. „რეალის“ მესვეურები კი ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან და პარალელურად „ბარსას“ ქმედებებს აკონტროლებენ.

„ნეის“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლასთან დაკავშირებით ბევრი რამ ფლორენტინო პერესზე იქნება დამოკიდებული. გააჩნია „სამეფო კლუბის“ პირველი პირი ვის რჩევას გაითვალისწინებს. თუ პერესმა იმ ადამიანებს მოუსმინა, რომლებიც „ნეის“ ტრავმებზე და მოედანს მიღმა არსებულ პრობლემებზე აკეთებენ აქცენტს, არაფერი გამოვა. ხოლო თუ იმათი პოზიცია გაიზიარა, ვინც თვლის, რომ ბრაზილიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თავს პირველივე დღეს გამოიჩენს, „ბარსელონას“ სერიოზული პრობლემები შეექმნება. ყველაფერი ფლორენტინო პერესის ხელთაა და „რეალის“ პრეზიდენტი უარს არ იტყვის, მოსისხლე მტერს საოცნებო ფეხბურთელი ცხვირწინ ააცალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები