დემბელეს მორიგი გამოხტომა - „ბარსა“ განრისხებულია
Aa
Aa

დემბელეს მორიგი გამოხტომა - „ბარსა“ განრისხებულია

კატალონიის „ბარსელონამ“ რამდენიმე საათის წინ დაადასტურა, რომ უსმან დემბელე 5 კვირას იუქმებს. ფრანგმა ფეხბურთელმა ფეხის მყესი დაიზიანა და ლაზარეთში მოუწევს დროის გატარება.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით დემბელემ დისკომფორტი „ბილბაოსთან“ მატჩში იგრძნო. ფრანგ ახალგაზრდას პრობლემები შეხვედრის დასრულების შემდეგაც ჰქონდა და „ბარსელონას“ სამედიცინო პერსონალმა გადაწყვიტა მომდევნო დილით 22 წლის ფეხბურთელისთვის ტესტები ჩაეტარებინა. თუმცა „ბარსას“ ვინგერი მიღებაზე არ გამოცხადდა.

დემბელე „კამპ ნოუზე“ ორშაბათს დაბრუნდა. და Marca-ს თუ დავუჯერებთ, მისმა ქმედებებმა „ბარსელონას“ მესვეურები, სამედიცინო პერსონალი და თანაგუნდელები განარისხა.

უცხოურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დემბელე უქმეებზე დასასვენებლად იმყოფებოდა და მეგობრების სანახავად სენეგალში ჩავიდა. მოგვიანებით ეს ცნობა დემბელეს აგენტმა კატეგორიულად უარყო და აღნიშნა: „გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დემბელე სენეგალში არ წასულა. 100 პროცენტით შემიძლია გითხრათ, რომ იგი რენში, დედამისის სახლში იმყოფებოდა“.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის მოთამაშეს მსგავსი პრობლემები შარშანაც ჰქონდა. დემბელე საჭირო დროს გაღვიძებას ვერ ახერხებდა და ვარჯიშებს აცდენდა. როგორც ჩანს მას დამოკიდებულება არ შეუცვლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები