Aa
Aa

"ბარსელონა" უკვე წარსულია" - კოუტინიოს პირველი მიუნხენური კომენტარი

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა, ფილიპე კოუტინიომ, "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელის რანგში პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პრეზენტაციისას "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა და ახალ გამოწვევაზე ისაუბრა.

"ბარსელონაში" საქმეები ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გვსურდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ჩემი აწმყო აქაა, ახალ, დიდ და მნიშვნელოვან გუნდში, რომლის რიგებშიც, იმედი მაქვს, დიდხანს დავრჩები და ბევრ ტიტულს მოვიგებ.

ბოლო წლებში უდიდესი გამოცდილება მივიღე და უამრავი რამ ვისწავლე. "ბარსასთან" ერთად არაერთი ტიტული მოვიპოვე, რასაც "კოპა ამერიკის" მოგებაც დაემარა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ახლა უკვე მაქვს შანსი, ახალ კლუბში ვიყო, რომელსაც უდიდესი ტრადიციები და ისტორია აქვს. როცა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დამირეკა, ბევრი ფიქრი ნამდვილად არ დამჭირვებია. მას ჩემი აქ გადმოყვანა სურდა, ბარსელონაში ჩამოვიდა, შევხვდით და მაჩვენა პროექტი, რომელშიც ჩემი ადგილი ნათლად დამანახა. ამ ყველაფრისთვის მადლობელი ვარ". - ამბობს კოუტინიო.

ბრაზილიელი შემტევი "ბაიერნმა" ერთწლიანი იჯარით დაიმატა, რისთვისაც "ბარსელონას" 8.5 მილიონი ევრო გადაუხადა, მომავალ ზაფხულს კი ფეხბურთელის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნება.

კოუტინიოს მიუნხენურ დებიუტს შაბათს ელოდებიან, როცა ბუნდესლიგის მორიგ ტურში "რეკორდმაისტერი" სტუმრად "შალკეს" უნდა შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები