Aa
Aa

"პატარა ჯადოქრის" ფიასკო "კამპ ნოუზე"

მარსელო ბიელსა უდიდეს საფეხბურთო ცოდნას ფლობს და „ლიდსის“ მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდა სპეციალისტებს ხშირად ეხმარება. ერთხელ მასთან პეპ კლოტეტი მივიდა. ამ უკანასკნელს ერთ-ერთი არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირება სურდა, მაგრამ ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, ღირდა თუ არა ტრანსფერის გაჩარხვა. ბიელსამ კოლეგას ასეთი სიტყვები მიმართა: „შენ შეგიძლია მისი თამაშის ამსახველი 1000 ვიდეო ნახო, ტრავმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოიძიო, მისი ბიოგრაფია და პირადი ცხოვრება ზედმიწევნით შეისწავლო და სტატისტიკური მაჩვენებლები გაანალიზო, მაგრამ არის ერთი რამ, რისი გაკონტროლებაც წარმოუდგენელია - როგორ ადაპტირდება ფეხბურთელი ახალ გუნდთან. გამორიცხულია წინასწარ განსაზღვრო როგორ შეძლებს ესა თუ ის მოთამაშე ახალ რეალობასთან შეგუებას“.

ფილიპე კოუტინიოს კატალონიური თავგადასავალი მარსელო ბიელსას სიტყვების იდეალური დადასტურებაა.

2018 წლის იანვარში „ბარსელონამ“ გაიფორმა ფეხბურთელი, რომელიც იურგენ კლოპის „ლივერპულის“ სული და გული იყო. გერმანელი სპეციალისტი თავიდანვე მიხვდა, რომ „პატარა ჯადოქარი“ შეცდომას უშვებდა და გააფრთხილა: აქ დარჩენით იმდენს მიაღწევ, რომ ძეგლს დაგიდგამენ. ბარსელონაში, ბაიერნში ან რეალში თუ გადახვალ რიგითი ფეხბურთელი გახდები. აქ კი შეგიძლია ყველასგან გამორჩეული იყო“. თუმცა მაშინ ბრაზილიელისთვის ერთგულების მოთხოვნა იგივე იყო, რაც არწივისთვის ფრენის აკრძალვა...

კოუტინიო „კამპ ნოუზე“ 2018 წლის იანვარში გადაბარგდა. სამხრეთ ამერიკელს „ბარსას“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა არ შეეძლო, რადგან „ლივერპულის“ რიგებში ამ ტურნირზე უკვე ნათამაშები ჰქონდა. წესითა და რიგით ეს „კოუს“ ახალ გარემოსთან ადაპტაციაში უნდა დახმარებოდა, მაგრამ...

კატალონიური თავგადასავალი კარგად დაიწყო. ფლორენტინო პერესის თქმით კოუტინიო „ბარსელონაში“ სათამაშოდ იყო დაბადებული და ბრაზილიელმა საწყისი შეხვედრები მაღალ დონეზე ჩაატარა. იგი გოლების გატანასთან ერთად, შედეგიან გადაცემებსაც არიგებდა. 

ლა ლიგაში „პატარა ჯადოქარმა“ მეტოქე გუნდების კარი რვაჯერ აიღო, რასაც კოპა დელ რეიზე შეგდებული ორი ბურთი მიამატა. ერთი ნახევარფინალში „ვალენსიასთან“, მეორე კი ფინალში „სევილიასთან“. „კამპ ნოუზე“ გატარებული პირველი სეზონის ნახევარში სამხრეთ ამერიკელმა 6 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა... „ბლაუგრანაში“ გადასვლის პირველივე დღიდან კოუტინიო გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

როცა „ბარსელონას“ წარმომადგენლები ბრაზილიელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ჰპირდებოდნენ, რომ იგი ანდრეს ინიესტას პოზიციაზე იასპარეზებდა და გარემარბის ფუნქციების შეთავსება არ მოუწევდა. „ბარსამ“ მხოლოდ საწყის მატჩებში შეასრულა პირობა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერნესტო ვალვერდეს სხვა გეგმები ჰქონდა და ესპანელი სპეციალისტი ფილიპეს ნეიმარის ადგილას ამწესებდა. „ელ კლასიკოში“ კი სულაც მარჯვენა გარემარბად დააყენა.

კოუტინიო თავის საყვარელ პოზიციას ვერც ინიესტას წასვლის შემდეგ დაუბრუნდა. „პატარა ჯადოქარმა“ თავდაჯერებულობა დაკარგა. იგი კომფორტის ზონიდან შორს იყო და იკავებდა პოზიციას, რომელზეც თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენას ვერ ახერხებდა.

ბუნებრივია ყველაფერი მოედანზე წარმოქმნილ პრობლემებს არ უკავშირდება. როცა ბევრი რამ უარესობისკენ მიდის და ხვდები, რომ რაღაც რიგზე ვერაა, შეგიძლია პროტესტი გამოხატო. ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა მწვრთნელს გულახდილად ესაუბრები და ეუბნები, რომ მის მიერ მოცემული დავალებებით უკმაყოფილო ხარ. „ბარსელონაში“ ასე ბევრი იქცევა და ფეხბურთელთა უმრავლესობა ხშირად წუწუნებს, მაგრამ კოუტინიო ერთ-ერთი მათგანი არ გახლავთ.

ბრაზილიელი შემტევი ძალიან ზრდილობიანი პიროვნებაა და „ბარსას“ თავკაცისგან იმ პოზიციაზე გამწესება, რომელიც მას ეკუთვნოდა, არასდროს მოუთხოვია.

ლეო მესი და ლუის სუარესი „კოუს“ მიმართ სიმპათიებით არიან განწყობილი, მაგრამ „ბარსელონას“ ყველა მოთამაშეს ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ აქვს. ზოგიერთმა მას მოსთხოვა კიდეც სავარჯიშო დარბაზში მეტი დრო გაეტარებინა. ასეთი ფრაზები ბევრისთვის შეურაცხყოფა იქნებოდა და ავტორი საკადრის პასუხს მიიღებდა, მაგრამ „პატარა ჯადოქარი“ ერთ-ერთი მათგანი არაა... სამხრეთ ამერიკელს განსხვავებული ხასიათი აქვს.

ბუნებრივია ყველაფერში კლუბსა და ვალვერდეს ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ კატალონიური პრესა ერთხმად აცხადებს, რომ "კოუს" ბრალი მინიმალურია.

კოუტინიოს ცხოვრებაში ახალი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. იმედი ვიქონიოთ, რომ ბრაზილიელი ძველ დიდებას დაიბრუნებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები