ზიდანისა და ვალვერდეს თავსატეხი - როგორი იქნება მათი ტაქტიკა ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ
Aa
Aa

ზიდანისა და ვალვერდეს თავსატეხი - როგორი იქნება მათი ტაქტიკა ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ

ნეიმარი, ნეიმარი და ისევ და ისევ ნეიმარი. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას უცხოური პრესის ყურადღება სწორედ ბრაზილიელი სუპერვარსკლავისკენაა მიპყრობილი. 27 წლის შემტევს "რეალსა" და "ბარსელონას უკავშირებენ და "ნეის" შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში უამრავ ასპექტს უსვამენ ხაზს.

კლუბები, პრეზიდენტები, ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ნეიმარის ტრანსფერს მოჰყვება, მისი ახალი კონტრაქტი, ანაზღაურება, სამხრეთ ამერიკელის თანაგუნდელები, მისი ფავორიტი ფეხბურთელები და ა.შ. მაგრამ მწვრთნელების შესახებ ფაქტობრივად არავინ საუბრობს. არადა ყველაზე საინტერესო ისაა ზინედინ ზიდანი და ერნესტო ვალვერდე ბრაზილიელს რა პოზიციაზე გაამწესებენ და მისი შესაძლებლობის მქონე მოთამაშეს გუნდს როგორ მოარგებენ.

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ამ საკითხს სტატია მიუძღვნა და "ნეის" "ბარსელონასა" და "რეალში" პოზიცია მოუძებნა.

შეუჩერებელი ბარსელონა

ნეიმარის "კამპ ნოუზე" გადასვლის შემთხვევაში, ვალვერდეს უნიკალური შანსი მიეცემა. ესპანელ სპეციალისტს გუნდში 4 სუპერშემტევი ეყოლება და არის ალბათობა სათადარიგო სკამზე არცერთი მათგანი დარჩეს.

ვალვერდეს შეეძლება 4-2-4 ტაქტიკა გამოიყენოს, სადაც ნეიმარი, მესი, გრიზმანი და სუარესი შემტევების ფუნქციებს შეითავსებენ, ნახევარდაცვის ხაზში კი დე იონგი და ბუსკეტი იმოქმედებენ. ამ სქემაში ნეიმარი და გრიზმანი იძულებულები იქნებიან ჰავბეკებსა და მცველებს დაეხმარონ, მაგრამ "ბლაუგრანას" იერიშებთან გამკლავება ნებისმიერი გუნდისთვის ურთულესი ამოცანა იქნება.

რეალის მრისხანე ტრიო

ნეიმარის ტრანსფერის შემთხვევაში ზიდანს 3-5-2-ზე უარის თქმა მოუწევს. ფრანგი სპეციალისტისთვის საუკეთესო ვარიანტი ალბათ 4-2-3-1 იქნება, სადაც კაზემირო და კროოსი საყრდენის ფუნქციებს შეითავსებენ. "ნეი" და აზარი კი ჩაიბარებენ ზონას, რომელიც იერიშის განვითრებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოდრიჩი მარჯვენა ფლანგზე იასპარეზებს, მაგრამ გარემარბად ნამდვილად არ მოგვევლინება. ხორვატს ფლეიმეიქერის როლის მორგება დაევალება და გუნდს, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში დაეხმარება. "ბლანკოსის" მთავარი დამრტყმელი ძალა კი ნეიმარი, აზარი, ბენზემას ტრიო იქნება, რომელსაც პასებით უმაღლესი დონის ნახევარმცველები მოამარაგებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები