Aa Aa
5 აგვისტო 2019  |  13:05

„ატლეტიკოს“ სამხილი აქვს? „ბარსელონა“ გრიზმანს მართლაც მარტში დაუკავშირდა?

ცოტა ხნის წინ „ატლეტიკომ“ „ბარსელონას“ ლა ლიგაში უჩივლა. „როხიბლანკომ“ ესპანეთის ჩემპიონატის მმართველ ორგანოს აცნობა, რომ კატალონიელებმა დამატებით 80 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.

მადრიდელები ამტკიცებენ, რომ „ბარსელონამ“ გრიზმანთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მარტში დაიწყო და ამის გამო „ბლაუგრანამ“ 120 მილიონის ნაცვლად, 200 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

El Mundo-ს ინფორმაციით „ატლეტიკოს“ აღმასრულებელ დირექტორს მიგელ ანხელ ხილს მტკიცებულება ჩაუვარდა ხელთ, რომელიც ესპანური გამოცემის ცნობით მან ერთ-ერთი აგენტისგან შეიძინა. საქმე ელექტრონულ წერილს ეხება, რომელიც ანტუან გრიზმანის ადვოკატმა, სევან კარიანმა ფეხბურთელის მამას და დას გაუგზავნა.

წერილი მარტით თარიღდება და მასში კარიანი იმ მოთხოვნებზე აკეთებს აქცენტს, რომლებიც „ბლაუგრანამ“ ფრანგ ფეხბურთელს წაუყენა. საუბარი გრიზმანის ანაზღაურებას ეხება. „ბარსელონა“ იუწყებოდა, რომ ანტუანს იმ თანხას გადაუხდიდა, რომელზეც შარშან შეთანხმდნენ. ელექტრონულ წერილში ფრანგი შემტევის წარმომადგენელი სწორედ ამ საკითხის დეტალებს აზუსტებდა.

კატალონიელები ყველაფერს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ პირველად გრიზმანს ზაფხულში დაუკავშირდნენ და ეს მხოლოდ კლუბთან კონტაქტის შემდეგ გააკეთეს.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები