ჩემპიონი აგრძელებს! ბასილაშვილმა ლონდერო დაამარცხა და მეოთხედფინალშია!
Aa
Aa

ჩემპიონი აგრძელებს! ბასილაშვილმა ლონდერო დაამარცხა და მეოთხედფინალშია!

ჰამბურგის ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის მეორე წრეში არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო 3 სეტში 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა. 

ქართველმა არგენტინელის წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ როლან გაროსზე უშანსოდ წააგო, ახლა კი, სეტის წაგების მიუხედავად, დამაჯერებლად აჯობა.

ნიკამ თამაში მძიმედ დაიწყო და საწყისი 3 ჩაწოდებისას 5 ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, რის შემდეგაც სეტის ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და ანგარიშში წინ გავიდა.


 

მეორე პარტიაში უპირატესობას ისევ ქართველი ფლობდა, თუმცა ის ბრეიკად ვერ გარდასახა, მე-8 გეიმში კი ჩავარდნა დაეწყო, უნებლიე შეცდომებთან ერთად ერთბაშად 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც შემდეგ გეიმში სეტის წაგებად და ანგარიშის გათანაბრებად დაუჯდა.


 

მე-3 სეტში ნიკა თამაშის მიმდინარეობას დამაჯერებლად აკონტროლებდა, ბრეიკი პირველსავე შესაძლებლობისას შეასრულა და მეტოქისთვის შანსი აღარ მიუცია - 6:4; 3:6; 6:3.


 

თამაში საათსა და 48 წუთს გაგრძელდა. ნიკამ 8 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 41-დან 33 (80%), ხოლო მეორეზე 43-დან 27 (63%) ქულა მოიგო, 2 ბრეიკი შეასრულა, თავად კი მოწოდება ერთხელ დაკარგა.

უდიდესი სხვაობა იყო ვინერსებში - ბასილაშვილმა აქტიური თამაშით 38 ქულა მოიგო, ლონდერომ კი იგივე 16-ჯერ გააკეთა. თვალსაჩინო განსხვავება გახლდათ უნებლიე შეცდომებშიც, ნიკა 34-ჯერ შეცდა, ლონდერო - 21-ჯერ. 

კიდევ ერთი და უკვე კარგად ცნობილი პრობლემა ბადესთან თამაშია. ნიკამ ხელსაყრელი სიტუაციისას რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და, საერთო ჯამში, ბადესთან 13-დან 7 ქულა მოიგო - 54%.

ბასილაშვილი 1/4 ფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მოწინააღმდეგე ფრანგი ჟერემი შარდი იქნება, რომელმაც საწყის ორ შეხვედრაში თანამემაულეები - ბენუა პერი და რიშარ გასკე დაამარცხა. ფრანგი ქართველს ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს უგებს, მატჩები 2017 წელს - ჰარდსა და 2018 წელს თიხაზე გაიმართა.

ჰამბურგში ხვალ დარჩენილი მერვედფინალური მატჩები შედგება, მეოთხედფინალები კი პარასკევს ჩატარდება. ბასილაშვილი-შარდის დაპირისპირების გარდა, კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილია ცნობილი - ტურნირის მთავარი ფავორიტი, დომინიკ ტიმი, რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები