Aa
Aa

"მილანმა" კორეას ტრანსფერი 50 მილიონ ევროდ შეათანხმა

იტალიური პრესის ერთობლივი ცნობებით, „მილანმა“ ანხელ კორეას ტრანსფერზე „ატლეტიკოსთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია და გარიგებას უახლოეს საათებში ოფიციალურად გამოაცხადებს.

ჯანლუკა დი მარციოს თქმით, „შავ-წითლები“ კორეას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროსა და ბონუსებს გადაიხდიან, ფეხბურთელთან კი 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ. ახალგაზრდა ფორვარდის წლიური ხელფასი 3.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება.

24 წლის არგენტინელი შემტევი მარკო ჯამპაოლოს 4-3-1-2 სქემაში იდეალურად ჯდება და კშიშტოფ პიონტეკის მეწყვილედ მოიაზრება. შესაბამისად, „როსონერის“ ახალგაზრდა ფორვარდი, პატრიკ კუტრონე, გუნდის შეცვლას აქტიურად განიხილავს.

კორეა „ატლეტიკოს“ რიგებში 2014 წელს „სან ლორენცოდან“ 7.5 მილიონი ევროდ გადავიდა. „როხიბლანკოს“ მაისურით ჩატარებულ 130 მატჩში კი 20 გოლი გაიტანა.

მილანელებმა კიდევ ერთი ტრანსფერი დახურეს. აფრიკის ეროვნებათა თასის საუკეთესო ფეხბურთელი ისმაელ ბენასერი ლომბარდიის მთავარ ქალაქში გუშინ სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა და სულ მალე „როსონერის“ მთავარ გუნდს შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები