Aa
Aa

"მილანის" ორი უპირატესობა! - დე როსი "სან სიროზე" რეალურია?

იტალიური პრესა დანიელე დე როსისა და "მილანს" ბოლო დღეებში აქტიურად აკავშირებს, დღეს კი მარკო ჯამპაოლოს მიერ 20 მაისს მიცემული ინტერვიუს მონაკვეთი გამოქვეყნდა, რომელშიც "როსონერის" ახალი თავკაცი დე როსის შესახებ საუბრობს.

მაშინ ჯამპაოლო ჯერ კიდევ "სამპდორიას" მთავარი მწვრთნელი იყო და განაცხადა, რომ "რომას" ლეგენდამ მასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

"დე როსიმ მითხრა, რომ ჩემთან ერთად სიამოვნებით იმუშავებდა, რაზეც ვუპასუხე: "ვფიქრობ, ჩვენი კოლაბორაცია შეუძლებელი სულაც არაა, ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია". იგი განსაკუთრებული ხასიათის მოთამაშეა და ფეხბურთისადმი განსხვავებული ვნება აქვს. დანიელეს ჩემს გუნდში ხილვაზე ნამდვილად ვფიქრობ და ამაში დასამალი არაფერია". - უთხრა 20 მაისს ჯამპაოლომ Sky Sport Italia-ს.

"შავ-წითლების" კიდევ ერთი უპირატესობა ახალი სპორტული დირექტორი - ფრედერიკ მასარაა, რომელიც დე როსის კარგად იცნობს, რადგან "რომაში" წლების განმავლობაში მუშაობდა. როგორც Calciomercato წერს, მასარა მოლაპარაკებებშია ჩართული და დე როსის "სან სიროზე" გადასაყვანად ყველაფერს გააკეთებს.

35 წლის დე როსი ივნისის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და როგორც ბოლო დღეებში გახდა ცნობილი, იგი იტალიიდან წასვლას არ გეგმავს, დაინტერესებულ კლუბებად კი "ბოლონია", "ატალანტა", "სამპდორია", "ინტერი" და "ფიორენტინა" სახელდებიან. თუმცა, ფლორენციელთა ახალმა მფლობელმა, როკო კომისომ, ვეტერანი ნახევარმცველის "ვიოლას" რიგებში გადასვლა გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ "მილანთან" ამ ეტაპზე რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის: ნაბილ ფეკირს, დენის პრატს, ემანუელ ვიგნატოს, ტეო ერნანდესს, დანი სებალიოსს, რუსლან მალინოსვკის, ოზან კაბაკსა და ლუკას ტორეირას აკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები