Aa
Aa

"დორტმუნდი" "ბაიერნში" ფეხბურთელებს აღარ გაუშვებს

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა „დორტმუნდის“ მესვეურებმა გადაწყვიტეს თავიანთი ფეხბურთელები „ბაიერნს“ აღარ მიჰყიდონ.

წარსულში „სიგნალ იდუნა პარკიდან“ „ალიანც არენაზე“ ისეთი მოთამაშეები გადაბარგდნენ, როგორებიც მარიო გიოტცე, მატს ჰუმელს და რობერტ ლევანდოვსკი არიან. ბუნდესლიგაში მოასპარეზე კლუბების საუკეთესო ფეხბურთელების გაფორმების წყალობით „ბაიერნი“ დომინირებას განაგრძობს და სხვა გუნდებს ჩემპიონობის დასაკუთრების შანსი პრაქტიკულად არ აქვთ.

წლევანდელი სეზონი გამონაკლისი გამოდგა. „დორტმუნდი“ სანუკვარი თასის მოსაპოვებლად ბოლო ტურამდე იბრძოდა და „რეკორდმაისტერს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა.

Bild-ის ცნობით „სიგნალ იდუნა პარკის“ ბინადრების მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღეს. „დორტმუნდის“ ბოსების მიზანია „ბაიერნმა“ პერსპექტიული ფეხბურთელები ან ბუნდესლიგის სხვა გუნდებიდან გადაიბიროს, ან შემადგენლობის გასაძლიერებლად დიდი თანხები დახარჯოს და მოთამაშეები ევროპული კლუბებიდან შეიძინოს.

„შავ-ყვითლების“ ხელმძღვანელები დარწმუნებული არიან, რომ მათი მიდგომა გაამართლებს და სჯერათ, რომ გაისად ბუნდესლიგაში “რეკორდმაისტერის“ დომინაციას წერტილს დაუსვამენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები