Aa
Aa

ჯოკოვიჩი ნადალის რეკორდს გაუთანაბრდა!

მადრიდში გამართული მამაკაცთა მასტერსის სერიის საჩოგბურთო ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფით დასრულდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გადამწყვეტ მატჩში ბერძენ სტეფანოს ციციპასს აჯობა.

ციციპასმა გათამაშების მიმდინარეობისას ჯერ ალექსანდრ ზვერევს მოუგო, შემდეგ კი ტურნირის მთავარი ფავორიტი, რაფაელ ნადალი, დაამარცხა. ფინალში ფავორიტად ჯოკოვიჩი ითვლებოდა, რომელმაც 1/2 ფინალში დომინიკი ტიმს მოუგო, იქამდე კი მარინ ჩილიჩის უარის გამო, დასვენების საშუალება ჰქონდა. სერბმა ვარსკვლავმა სტატუსი გაამართლა და შეხვედრა 2 სეტში - 6:3; 6:4-ით დაასრულა.

„ნოლემ“ ამ გამარჯვებით რაფა ნადალის ყველა დროის რეკორდთან გათანაბრება შეძლო, ამიერიდან ამ ორი ჩოგბურთელის ტიტულატურაში მასტერსის სერიის 33-33 ტურნირია. მე-3 ადგილზე როჯერ ფედერერია, რომელსაც იგივე კატეგორიის 28 ტიტული აქვს მოგებული.

ჯოკოვიჩმა მადრიდში მიღწეული წარმატებისთვის 1 202 520 ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა მიიღო. იგი რეიტინგის პირველ პოზიციას კიდევ უფრო იმყარებს და ნადალს 4170 ქულით უსწრებს.

რაც შეეხება ციციპასს, მან ფინალში გასვლისთვის 600 ქულა დაიმსახურა, რითაც დღეიდან კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს დააფიქსირებს და მსოფლიოს მე-7 ჩოგნის სტატუსი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები