Aa
Aa

2001 წლის შემდეგ პირველად "მილუოკი" კონფერენციის ფინალში ითამაშებს

იანის ანტეტოკოუნმპოს "მილუოკიმ" ფავორიტის სტატუსი გაამართლა და "ბოსტონ სელტიქსის" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა. სერიის პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ მაიკ ბუდენჰოლცერის ბიჭებმა მიჯრით ოთხჯერ მოიგეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

რიგით მეხუთე დაპირისპირება "ხარირმებმა" საკუთარ კედლებში გამართეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. "მილუოკი" უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და საბოლოოდ 116-91 იმარჯვა.

"ბაქსმა" წარმატებას გუნდური კალათბურთის ხარჯზე მიაღწია. მასპინძელთა რიგებში 10 ქულა ან მეტი 7-მა მოთამაშემ დააგროვა. საუკეთესო კი იანის ანტეტოკოუნმპო გახლდათ, რომელმაც 20 ქულა მიითვალა. ბერძენი სუპერვარსკლავის გარდა 19 ქულით კრის მიდლტონი გამოირჩა. ერიკ ბლედსოუმ გუნდს 18 ქულა შესძინა. ჯორჯ ჰილმა კი აქტივში 16 ქულა ჩაიწერა.

"ბოსტონის" რიგებში კაირი ირვინგმა 15 ქულა გაიფორმა, თუმცა მეტოქის ფარს საშინელი პროცენტით შეუტია და 21-დან მხოლოდ 6 სროლა გამოიყენა. ტეიტუმი-მორისის დუეტმა ჯამში 28 ქულა ჩააგდო. ჯეილენ ბრაუნმა კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

"მილუოკი" კონფერენციის ფინალში "ფილადელფიასა" და "ტორონტოს" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები