3-წლიანი პაუზის შემდეგ ფედერერმა თიხის საფარზე ითამაშა
Aa
Aa

3-წლიანი პაუზის შემდეგ ფედერერმა თიხის საფარზე ითამაშა

მადრიდის მასტერსი იოლი გამარჯვებით დაიწყო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა ჩოგბურთელმა გათამაშების მეორე რაუნდში ამერიკელ ტეილორ ფრიტცს 2 სეტში - 6:4; 6:2 აჯობა.

„ნოლემ“ პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკით მოიგო, მეორე პარტიაში კი უპირატესობის განმტკიცება აღარ გასჭირვებია. მან მეტოქეს მხოლოდ 1 ბრეიკ-პოინტი მისცა და ისიც გადაარჩინა. ჯოკოვიჩის მომდევნო მეტოქე ჟერემი ჩარდისა და დიეგო შვარცმანის შეხვედრაში გაირკვევა.

კარგი მატჩი ჩაატარა შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ, რომელმაც ფრანგი პიერ-უგო ერბერის წინააღმდეგობა 6:2; 6:3-ით დასძლია. სტენი ძალიან კარგად აწვდიდა და საკუთარ გეიმებში მხოლოდ 10 გათამაშება წააგო, შედეგად, მეტოქეს ბრეიკის შესრულების შანსი არ მისცა, თავად კი ერბერის ჩაწოდება 3-ჯერ აიღო.

ვავრინკა 1/16 ფინალში არგენტინელ გუიდო პელას შეხვდება, რომელმაც ბრწყინვალე ფორმაში მყოფი დანილ მედვედევი 3 სეტში დაამარცხა.

მარტის შემდეგ კორტზე პირველად ვიხილეთ როჯერ ფედერერი, რომელსაც თიხის საფარზე - 2016 წლის, ხოლო უშუალოდ მადრიდის ტურნირზე 2015 წლის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. „მხიარულ როჯერს“ რიშარ გასკეს დასამარცხებლად სულ რაღაც 52 წუთი დასჭირდა - 6:2; 6:3.

ფედერერმა 7 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, იგი საკუთარ მოწოდებაზე ჩვეული სიმსუბუქით თამაშობდა და გასკეს ბრეიკ-პოინტიც არ მისცა. 37 წლის შვეიცარიელი 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მარტონ ფუქსოვიჩსა და გაელ მონფილსის მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რთულად მოიგო თავისი შეხვედრა ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა, რომელმაც რეილი ოპელკასთან პირველი სეტი ტაიბრეიკზე წააგო. გიგანტი ამერიკელი მეორე სეტის მერვე გეიმამდე შეუცდომლად აწვდიდა, შემდეგ კი მოწოდება დაკარგა და ყველაფერი აირია. შედეგად, ოპელკამ მესამე სეტის პირველსავე გეიმში კიდევ ერთი წაგებული მოწოდების შემდეგ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ტიმი მომდევნო რაუნდში გავიდა. ავსტრიელის შემდეგი მეტოქე ფაბიო ფონინი ან ჯონ მილმანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები