კიოლნის დაცვის ხაზი უდიდესი წნეხის ქვეშაა | BILD-ის სტატია ლოჩოშვილზე
ავტორიტეტულმა გამოცემა BILD-მა „კიოლნის'' დაცვის ხაზში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. სტატიის ავტორები, ულრიხ ბაუერი და მირკო ფრანგი აქცენტს ლოჩოშვილის გადატვირთულ გრაფიკზე აკეთებენ. მაშინ როცა კლუბში მისმა თანაგუნდელებმა დაისვენეს, ქართველმა ფეხბურთელმა 11-დღიან ინტერვალში ოთხი მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა, „კიოლნს'' დაცვის ხაზში პრობლემები აქვს, გუნდმა ბუნდესლიგის ოთხ მატჩში 9 გოლი გაუშვა, მათგან 4 სტანდარტულიდან.
„კიოლნი“ მაინცდამაინც აღფრთოვანებული ვერ იქნება იმ სანაკრებო დატვირთვით, რომელიც „ეფეს“ მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა (28) ერთა ლიგის პაუზის დროს მიიღო. ლოჩოშვილი, ალბათ, ბოლო დღეების ყველაზე დატვირთულ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება. მაშინ, როცა „კიოლნში'' მისი თანაგუნდელების დიდ ნაწილს შუალედში 5-დღიანი დასვენება ჰქონდა, ქართველს ბოლო 11 დღეში თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში ოთხივე შეხვედრის ჩატარება მოუწია: ჩრდილოეთ ირლანდიასთან (0:1), უკრაინასთან (0:0), უნგრეთთან (0:1) და ჩრდილოეთ ირლანდიასთან (0:0). ესეც არ იყოს: ლოჩოშვილი დაცვის ბურჯად ითვლებოდა და შესაძლო 360 წუთიდან მოედანზე ჯამში 355 წუთი დაჰყო.
„თხების'' თავკაცმა ეროვნული ნაკრებების მატჩებით გამოწვეულ დაძაბულ გრაფიკზე რეაგირება ისედაც უკვე მოახდინა: ფეხბურთელებს ოთხშაბათი დაასვენა და ყველა ეროვნული გუნდიდან დაბრუნებულ მოთამაშეს სავარჯიშოდ „გაისბოკჰაიმში“ მხოლოდ ხუთშაბათს ელოდება. მიუხედავად ამისა, ლოჩოშვილისთვის დერბისთვის მზადება მაინც სტრესული იქნება. საბოლოოდ ვაგნერმა უნდა გადაწყვიტოს, მზადაა თუ არა ქართველი მცველი სასტარტოში კვლავ სათამაშოდ.
საქმე ისაა, რომ „ეფეს“ დაცვის ხაზი — „ლოჩოსა“ და 20 წლის ინგლისელი ცენტრალური მცველის, ჯამაი სიმპსონ-პიუზის მონაწილეობით — უდიდესი წნეხის ქვეშ უახლოეს კვირა დღესვე აღმოჩნდება. 4 მატჩში გაშვებული 9 გოლის შემდეგ კრიტიკა დიდია. „კიოლნი“ ბუნდესლიგაში ყველაზე სუსტ გუნდად რჩება სტანდარტულ სიტუაციებში (უკვე 4 გაშვებული გოლი). კლუბის ხელმძღვანელების დავალება ვაგნერის მიმართ მკაფიოა: „სტანდარტების ეპიდემია“ უნდა დასრულდეს, ხოლო „კიოლნის“ მწვრთნელმა დაცვაში ვითარება უნდა დაასტაბილუროს''.
საინტერესოა, რომ ლუკას ამ სეზონში ყვითელი ბარათი არ მიუღია, რაც პოზიტიური ფაქტია. შედარებისთვის, გასულ სეზონში ბუნდესლიგა 2-ში „ნიურნბერგში’’ 33 მატჩი ჩაატარა და 7 ყვითელი ბარათი მიიღო. გასულ სეზონში მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა, დაგროვებული ყვითელი ბარათების გამო. ამ სეზონში განსხვავებული ვითარებაა, ბუნდესლიგასა და თასზე საერთო ჯამში ხუთი მატჩი ჩაატარა და ყვითელი ბარათი არ მიუღია.
დაცვის ცენტრში ლუკას ყოველთვის ერთი მეწყვილე ჰყავს ინგლისელი ჯამაი სიმპსონ-პიუზის სახით, 20 წლისაა, „მან. სიტის'' აღზრდილია და Transfermarkt-ი 9 მილიონ ევროდ აფასებს.
ლოჩოშვილის საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონი ევროდან 4.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ქართველი მცველი „კიოლნის“ მე-9 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, პირველზე კი გერმანიის ნაკრების 20 წლის გარემარბი საიდ ელ მალაა, რომელსაც Transfermarkt-ი 50 მილიონ ევროდ აფასებს.