Aa
Aa

ჯარის სენსაცია! - ბარსელონას ტურნირი მსოფლიოს მე-3 ჩოგნის გარეშე

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე ვაჟთა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირზე, თავისი პირველივე მატჩი წააგო მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა, ალექსანდრ ზვერევმა. ახალგაზრდა გერმანელი ნიჭიერ ჩილელ ნიკოლას ჯარისთან უმძიმეს ბრძოლაში დამარცხდა.

ზვერევმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, თუმცა შემდეგი ორი 5:7; 6:7 დათმო და ჯარისთან პირველი ურთიერთშეხვედრა მარცხით აღნიშნა.

საგულისხმოა, რომ თავად ჯარი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობდა, სადაც წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ძირითად ბადეში „იღბლიანი დამარცხებულის“ სტატუსით მოხვდა, გათამაშების პირველ რაუნდში კი ადგილობრივ მარსელ გრანოლერსს 3 სეტში აჯობა.

23 წლის ჩილელის შემდეგი მეტოქე დღეს, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ერთმანეთთან გრიგორ დიმიტროვი და ფერნანდო ვერდასკო ითამაშებენ.

თავიანთი მატჩები მოიგეს კეი ნიშიკორიმ, დომინიკ ტიმმა და სტეფანოს ციციპასმა. ნიშიკორიმ ტეილორ ფრიტცი 2 სეტში დაჯაბნა და შემდეგ წრეში ოჟე-ალიასიმისა და ჯაზირის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება.

ტიმმა დიეგო შვარცმანს საკმაოდ იოლად - 6:3; 6:3 მოუგო, მომდევნო რაუნდში კი ესპანელ ხაიმე მუნარს დაუპირისპირდება.

იოლად იმარჯვა ციციპასმაც, რომელმაც მარტონ ფუქსოვიჩის წინააღმდეგობა 6:4; 6:3-ით დასძლია. ბერძენი ჩოგბურთელი ტურნირის 1/8 ფინალში, გერმანელ იან-ლენარ შტრუფს შეხვდება, რომელმაც გუშინდელი დღის მთავარი სენსაცია გამოაცხო და დავიდ გოფენს 7:6; 6:3 მოუგო.

დღეიდან ტურნირში რაფა ნადალი ერთვება. „თიხნარის მეფის“ პირველი მოწინააღმდეგე არგენტინელი ლეონარდო მაიერია, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 6:0-ს უგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები