ნაპოლი VS არსენალი - მატჩის წინ
Aa
Aa

ნაპოლი VS არსენალი - მატჩის წინ

ევროპა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალურ შეხვედრაში, „ნაპოლი“ „არსენალს“ უმასპინძლებს და ლონდონში წაგებული 0:2-ისთვის რევანშის აღებასა და 1/2 ფინალში გასვლას ეცდება.

ნეაპოლელებმა უქმეებზე სტუმრად „კიევოსთან“ იოლი გამარჯვება მოიპოვეს და სერია A-ს მეორე ადგილი კიდევ უფრო გაიმყარეს. კარლო ანჩელოტის გუნდს რაულ ალბიოლისა და ამადუ დიავარას იმედი ვერ ექნება.

გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ორრაუნდიანი დაპირისპირების შეტრიალება რთული იქნება, მაგრამ - არა შეუძლებელი.

„სამ სიტყვაში რომ ვთქვა - გამბედაობა, ინტელექტი და გული... ესაა საჭირო იმისთვის რომ არსენალის ბარიერი დავძლიოთ. პირველ რაუნდში გამბედაობა დაგვაკლდა. გონივრულად თამაში კი მხოლოდ მეორე ტაიმში შევძელით. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კი ამ შეხვედრაში მთელი გული უნდა ჩავდოთ. ევროპულ ტურნირებზე ჩვენ ბოლო იტალიური გუნდი დავრჩით და ვიმედოვნებ რომ შემდეგ ეტაპზე თამაშს შევძლებთ. თუ არსენალს ვერ გავცდით ეს მხოლოდ პირველ რაუნდში დაფიქსირებული შედეგის ბრალი იქნება. ორრაუნდიანი შეხვედრის შეტრიალება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.“

კარგ ხასიათზეა „არსენალი“, რომელმაც პრემიერ ლიგის მატჩი ორშაბათს გამართა და „უოტფორდს“ გასვლაზე 1:0 მოუგო. „მეთოფეთაგან“ ტრავმების გამო ჰოლდინგი, ბელერინი და უელბეკი ვერ ითამაშებენ, საეჭვოა კოშელნისა და ტორეირას თამაშიც.

უნაი ემერი მის გუნდს ამოცანად მხოლოდ გამარჯვებას უსახავს და ამბობს, რომ ფეხბურთელებმა ნეაპოლშიც მოსაგებად უნდა ითამაშონ. ამასთანავე, ესპანელი სპეციალისტის თქმით, მძიმე შეხვედრა იქნება, რადგან „ნაპოლის“ მისი გუნდისთვის საქმის გართულება შეუძლია.

„ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა. გოლს თუ გავიტანთ, დიდ უპირატესობას მოვიპოვებთ. თუმცა ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის, რადგან მათ ერთი, ორი და მეტი გოლის გატანა შეუძლიათ, რადგან შეტევაზე ორიენტირებული ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ. ასე რომ დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ შეტევაზეც ვიფიქროთ და საგოლე მომენტები შევქმნათ. ჩემი აზრით ამ შეხვედრაში ჩვენ გავიმარჯვებთ.“

„ნაპოლისა“ და „არსენალის“ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მისი მთავარი მსაჯი რუმინელი ოვიდიუ ჰაცეგანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები