Aa
Aa

17 სეივი ერთ მატჩში! - "ემპოლის" მეკარემ სერია A-ს რეკორდი დაამყარა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა ბერგამოში, „ატალანტასა“ და „ემპოლის“ შორის გაიმართა. გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს, სამაგიეროდ, მატჩი კი სტუმართა მეკარის, ბარტოლომეი დრაგოვსკის ბენეფისად იქცა, რომელმაც სერია A-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა.

ლომბარდიელები მთელი თამაშის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქის კარისკენ 47 დარტყმა შეასრულეს. 18-ჯერ ბურთი ზუსტად კარში წავიდა, მათგან 17 კი „ემპოლი“დრაგოვსკიმ მოიგერია, რაც იტალიის ჩემპიონატის ერთ შეხვედრაში ერთი მეკარის მიერ შესრულებული სეივების ყველაზე დიდი რაოდენობაა.

21 წლის დრაგოვსკი „ფიორენტინას“ საკუთრებაა და „ემპოლიში“ იჯარის წესით ზამთარში გადავიდა. მან ახალ გუნდში გუშინ მერვე შეხვედრა გამართა და კარი მშრალად მხოლოდ მეორედ შეინახა. დრაგოვსკი „იაგელონიას“ აღზრდილია, პოლონეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში აქვს ნათამაშები, გასულ წელს კი მიწვევა ეროვნული გუნდისგანაც მიიღო, თუმცა ჯერ არ უთამაშია.

პოლონელი მეკარის ბრწყინვალე თამაშის გამო, „ატალანტამ“ უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა და ოთხეულს 2 ქულით ჩამორჩა. ჯან პიერო გასპერინის გუნდს ურთულესი კალენდარი აქვს და დარჩენილ 6 ტურში „ნაპოლისთან“, „უდინეზესთან“, „ლაციოსთან“, „ჯენოასთან“, „იუვენტუსთან“ და „სასუოლოსთან“ თამაში უწევს.

რაც შეეხება „ემპოლის“, იგი გასავარდნ ზონაში რჩება და სამშვიდობოს მყოფ „ბოლონიასთან“ 2 ქულითაა დაშორებული. ლევან მჭედლიძემ გუშინდელი მატჩი სრულად სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები