მორიგი სკანდალი იტალიაში - რასიზმი ჭარბი დოზით და
Aa
Aa

მორიგი სკანდალი იტალიაში - რასიზმი ჭარბი დოზით და "იუვეს" ფანების მიერ შეძულებული ბონუჩი

იტალიის სერია A-ს 30-ზე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „კალიარის“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. გოლები ლეონარდო ბონუჩიმ და მოიზე კინმა გაიტანეს.

შეხვედრა სკანდალური გამოდგა და მათი მთავარი მოქმედი პირები „კალიარის“ რასისტი ფანების გარდა გოლების ავტორებიც გახდნენ.

ტრიბუნებიდან რასისტული შეძახილები შეხვედრის განმავლობაში ხშირად ისმოდა. როდესაც ბურთს მატუიდი და კინი იღებდნენ სტვენა მატულობდა. საბოლოოდ ყველაფერი 85-ე წუთზე გამწვავდა. კინმა ბენტანკურის გადაცემის შემდეგ გოლი გაიტანა და ტრიბუნებთან გამომწვევი ჟესტით აღნიშნა.

ამ მომენტმა სტადიონზე სიტუაცია უკონტროლო გახადა. ხალხის დაშოშიმინება სცადა მასპინძელთა კაპიტანმა ლუკა ჩეპიტელიმ, რის შემდეგაც ისიც საკუთარი ქომაგების აგრესიის მსხვერპლი გახდა.


 

შეხვედრის შემდეგ ლეონარდო ბონუჩის კომენტარს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას ტურინელი ქომაგებიც აუგად მოიხსენიებენ. მათ თვალში „ბონოს“ სახელი საბოლოოდ გაუტყდა.

„კინმა იცის, როდესაც ის გოლს გაიტანს, იგი საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნოს და არა ასე გამომწვევად. ის სხვანაირად უნდა მოქცეულიყო.

გოლის შემდეგ რასისტული შეძახილები იყო, ეს მატუიდიმ გაიგონა და გაბრაზდა. ჩემი აზრით ამ სიტუაციაში დამნაშავე ორივე მხარე იყო 50-50-ზე. კინს გოლი მსგავსად არ უნდა აღენიშნა და ქომაგებიც ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ.

ჩვენ პროფესიონალები ვართ, სამაგალითონი უნდა ვიყოთ და პროვოკაციებს არ უნდა ვაწყობდეთ“.

შეხვედრის შემდეგ ბლეზ მატუიდიმ ტვიტერზე ფოტო ატვირთა, რომელსაც „ბიანკო“ + „ნერი“, ანუ თეთრს პლუს შავი დააწერა და ამით კინს მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

ინციდენტზე მასიმილიანო ალეგრიმაც ისაუბრა: „რაც მოხდა იმის გამართლებას არ ვაპირებ. როგორც ყოველთვის, იყვნენ იდიოტი და ნორმალური ადამიანები.

ჩვენ ისინი უნდა მოვძებნოთ და სტადიონებიდან გავაძევოთ. ამის შესაძლებლობა და საშუალება არსებობს, თუ რა თქმა უნდა მათ ამის გაკეთების სურვილი აქვთ“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ მორიგი სკანდალური ინციდენტის შემდეგ, ყველაფერი ისე განვითარდა, რომ საბოლოოდ ყველაზე მეტად ლეონარდო ბონუჩის მოხვდა.

ქომაგები მას ამ განცხადების გამო მკაცრად აკრიტიკებენ. ბონუჩის ისედაც შერყეული რეპუტაცია კიდევ უფრო შეირყა.

რაც შეეხება რასიზმს, ეს პრობლემა მსოფლიოში დღემდე არსებობს და როგორც ჩანს, იტალიაში ფესვები საკმაოდ ღრმად აქვს გადგმული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები