Aa
Aa

ფედერერმა კარიერაში 101-ე ტურნირი მოიგო! - კონორსამდე ცოტა რჩება...

როჯერ ფედერერმა კარიერის რიგით 101-ე ტიტული მაიამის კორტებზე მოიგო. ვეტერანმა შვეიცარიელმა მაიამის მასტერსის ფინალში, ამერიკულ ჯონ ისნერს იოლად - 6:1; 6:4 აჯობა.

აღსანიშნავია, რომ როჯერმა პირველ სეტში ისნერის მოწოდება 3-ჯერ აიღო, რაც გიგანტი ამერიკელის მატჩებში უიშვიათესი შემთხვევაა. თანაც, ისნერი პირველ პარტიაში სრულიად ჯანმრთელი თამაშობდა, რასაც მეორე სეტზე ვერ ვიტყვით, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში მარცხენა ფეხი დაიზიანა და შემდეგ გადაადგილება უჭირდა.

ფედერერის ჩაწოდებაზე ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა და მან მოწოდებული 35 ბურთიდან 32 ქულით დაასრულა. წაგებული 3-დან კი 1 ორმაგი შეცდომის გამო დათმო.

37 წლის შვეიცარიელმა ტურნირის მიმდინარეობისას ერთადერთი სეტი წააგო, რომელიც პირველი წრის შეხვედრაზე მოდის - რადუ ალბოტთან. „მხიარულმა როჯერმა“ კრაინოვიჩთან, მედვედევთან, ანდერსონთან, შაპოვალოვთან და ისნერთან ერთი ამოსუნთქვით იმარჯვა.

ფედერერმა მასტერსის სერიის 28-ე ტურნირი მოიგო, კარიერულად კი 101-ე ტიტული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ყველა დროის რეკორდსმენ ჯიმი კონორსს ჩამორჩება, რომლის აქტივშიც 109 ტიტულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები