რასიზმი, სისხლიანი დაპირისპირება და მკვლელობა - მძიმე ღამე მილანში
Aa
Aa

რასიზმი, სისხლიანი დაპირისპირება და მკვლელობა - მძიმე ღამე მილანში

სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი მილანში შედგა. „სან სიროზე“ „ინტერმა“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 91-ე წუთზე ლაუტარო მარტინესის გოლით გაიმარჯვა.

შეხვედრამ ძალიან სამწუხარო მოვლენები გამოიწვია. მატჩამდე „ნაპოლის“ ქომაგების ავტობუსი „ინტერის“ გულშემატკივარს დაეჯახა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

35 წლის დანიელე ბელარდინელის სამედიცინო დახმარება სასწრაფოდ სჭირდებოდა, თუმცა ჰოსპიტალში გადაყვანის მიუხედავად ეს დროულად ვერ მოხერხდა და ყველაფერი ცუდად დასრულდა.

მატჩის მსვლელობისას კი ნეაპოლელთა სენეგალელი უკანახაზელი კალიდუ კულიბალი „ინტერის“ ქომაგების მიერ რასისტული შეძახილების მსხვერპლი გახდა.

საბოლოოდ კულიბალიმ ზეწოლას ვერ გაუძლო, ნერვებს აყვა, რასაც მე-80 და 81-ე წუთზე ორი ყვითელი ბარათი მიაყოლა და მან მოედანი დატოვა.

მატჩის შემდეგ გაცხარებულმა კარლო ანჩელოტიმ პრესასთან ისაუბრა: „შეხვედრის არბიტრთა ბრიგადას მატჩის შეწყვეტა სამჯერ ვთხოვეთ, რადგან კულიბალი გაღიზიანებული და ანერიულებული იყო იმის გამო, რასაც ტრიბუნები მის მიმართ სჩადიოდნენ. ეს არ იყო კარგი ჩვენთვის და არც იტალიური ფეხბურთისთვის“.

კულიბალი ხსენებულ ინციდენტს შეხვედრის შემდეგ სოციალური ქსელიდან გამოეხმაურა: „მარცხის გამო ბოდიშს ვიხდი და ასევე იმის გამო, რომ ჩემი თანაგუნდელები უმცირესობაში დავტოვე, მაგრამ მე ვამაყობ ჩემი კანის ფერით! ვამაყობ იმით, რომ ფრანგი, სენეგალელი და ნეაპოლელი კაცი ვარ“.

მატჩის შემდეგ დაძაბულობამ მოედანს მიღმაც გადაინაცვლა და ქომაგებში გაგრძელდა. „ინტერისა“ და „ნაპოლის“ გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, რომელიც სისხლით დასრულდა.

4 დაჭრილს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში 43 წლის ნეაპოლელი ქომაგი იმყოფება, რომელიც დანით მიყენებული ჭრილობის შემდეგ ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები