Aa
Aa

კლასიკა "დორტმუნდის" სასარგებლოდ! - ბუნდესლიგაში ლიდერი გამოიკვეთა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის მთავარი შეხვედრა დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე" გაიმართა, სადაც ჩემპიონატის ლიდერი "დორტმუნდი", მოქმედ ჩემპიონ "ბაიერნს" დაუხვდა.

მატჩის დაწყებამდე გუნდებს შორის ქულათა სხვაობა 4 იყო და "რეკორდმაისტერისთვის" წაგება საქმის საგრძნობლად გართულებას ნიშნავდა. თანაც, თავისი თამაში მოიგო "გლადბახმა" და მიუნხენელებს 3 ქულით გაასწრო.

შეხვედრის პირველ ნახევარში "ბაიერნი" სოლიდურ უპირატესობას ფლობდა, "დორტმუნდს" კი სწრაფი შეტევებისას არაფერი გამოსდიოდა და ტაიმი რეალური მომენტის გარეშე დაასრულა. სტუმრებმა 26-ე წუთზე ლევანდოვსკის გოლით ანგარიში გახსნეს და შესვენებაზე თავაწეულები გავიდნენ.

ლუსიენ ფავრმა პაუზისას გადაადგილებები მოახდინა და მოედანზე მაჰმუდ დაჰუდი გამოიყვანა, რითაც "ყვითლების" ცენტრალური ზონა მოძრავი და მობილური გახდა.

შედეგად, მარკო როისმა 48-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, თუმცა მალევე ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა.

დორტმუნდელებმა ძალები მოიკრიბეს და რამდენიმე რეალური შანსის ვერ გამოყენების შემდეგ, 67-ე წუთზე, როისმა ულამაზესი გოლი გაიტანა, რასაც ფავრის ჯოკერის, პაკო ალკასერის გოლიც დაერთო და საბოლოო ანგარიში - 3:2 დაფიქსირდა.

როისმა და ალკასერმა ჩემპიონატში 8-8 გოლი მოაგროვეს და "გლადბახის" შემტევ ალესან პლეასთან ერთად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობას იყოფენ. აღსანიშნავია, რომ პაკომ დანარჩენებზე გაცილებით ცოტა დრო ითამაშა და 8-დან 7 გოლი შეცვლაზე გამოსულმა შეაგდო.

ამრიგად, "დორტმუნდმა" 27 ქულას მოუყარა თავი და მე-3 ადგილოსან "ბაიერნს" 7-ით გაასწრო, მეორე ადგილზე კი მიონხენგლადბახის "ბორუსიაა", რომელსაც 23 ქულა აქვს.

ლუსიენ ფავრის ახალგაზრდული გუნდი ბუნდესლიგაში დაუმარცხებელ სვლას აგრძელებს და გათამაშებაში ყველაზე მეტი - 33 გოლი აქვს გატანილი. ბორუსიელებმა წლევანდელ სეზონში ერთადერთი მარცხი რამდენიმე დღის წინ, მადრიდის "ატლეტიკოსთან" იწვნიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები