Aa
Aa

"დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის" - ბასილაშვილმა სეზონი დაასრულა!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წლის სეზონი, პარიზის მასტერსზე გამოსვლით დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-6 ჩოგან კევინ ანდერსონთან 3 სეტში დამარცხდა.

ჩოგბურთელებმა ბოლო 1 კვირაში მე-2 ურთიერთშეხვედრა გამართეს და ვენის ტურნირის მსგავსად, გამარჯვებული ამჯერადაც სამხრეთ აფრიკელი გამოვიდა.

მატჩის პირველი სეტი ანდერსონმა 1 ბრეიკით მოიგო, რასაც ტაიბრეიკზე ბასილაშვილის გამარჯვება და მე-3 სეტში, ასევე ტაიბრეიკზე ანდერსონის საბოლოო წარმატება მოჰყვა - 6:3; 6:7; 7:6.

ბასილაშვილმა 6 ეისი მოაწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე 54-დან 43, ხოლო მეორეზე 49-დან 30 ქულა მოიგო. მას ბრეიკის შესრულება 3-ჯერ შეეძლო, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, ანდერსონს კი მოწოდება ერთხელ დაუთმო.

კევინ ანდერსონი ამ გამარჯვებით 1/8 ფინალში გავიდა და იქ კეი ნიშიკორის შეხვდება. ამავდროულად, მან წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა.

ბასილაშვილისთვის კარიერის საუკეთესო სეზონი დასრულდა, მან ჰამბურგისა და პეკინის 500-იანი ტურნირები მოიგო, რითაც საქართველოს ისტორიაში საუკეთესო სარეიტინგო შედეგი დააფიქსირა. იგი ამჟამად მსოფლიოს 22-ე ჩოგანია და დიდი ალბათობით, წელს ამავე საფეხურზე დაამთავრებს.

"სეზონი დასრულდა. დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის". - დაწერა ბასილაშვილმა "ფეისბუქი"-ს საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები