ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო!
Aa
Aa

ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო!

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირას პარიზის მასტერსზე იასპარეზებს, რომელიც მისთვის ბოლო საამსეზონო ტურნირი იქნება. ქართველის პირველი მოწინააღმდეგე ავსტრალიელი, ჯონ მილმანი გახლდათ.

26 წლის ბასილაშვილმა მილმანის წინააღმდეგობა საკმაოდ მარტივად დასძლია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ავსტრალიელ ჩოგბურთელს ფეხი აწუხებდა, რის გამოც, თამაში ვერ ჩაამთავრა. ნიკოლოზმა პირველი სეტი ერთი ბრეიკით - 6:4 მოიგო, ამის შემდეგ კი მილმანმა თამაში შეწყვიტა.

ჩვენი თანამემამულე მატჩის მიმდინარეობას სრულად აკონტროლებდა, თუმცა, მომენტებში საკმაოდ უხეშ შეცდომებსაც უშვებდა, რაც შემდეგ წრეში, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა გახდეს.

ბასილაშვილის მომდევნო ოპონენტი კევინ ანდერსონი იქნება, რომელთანაც წინა კვირას ვენის ტურნირზე წააგო, თავად სამხრეთ აფრიკელმა კი საერთოდ ტურნირი ტიტულით დაასრულა და ახლა ცოტა დაღლილიც უნდა იყოს.

აღნიშნული შეხვედრა, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაიმართება, რადგან ხვალ პირველი წრის დარჩენილი მატჩები უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მისი კარიერის ახალი რეკორდია.

არის შანსი, რომ ქართველმა მომდევნო კვირა რეიტინგის მოწინავე ოცეულში დაიწყოს. მას პარიზის მასტერსზე დასაცავი არაფერი აქვს, დღევანდელი გამარჯვებით კი 90 ქულა უკვე გამოიმუშავა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ითამაშებენ მისი სარეიტინგო კონკურენტები - მილოშ რაონიჩი, მარკო ჩეკინატო, დიეგო შვარცმანი, კარენ ხაჩანოვი და დანილ მედვედევი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები