სერენას 24-ე თუ ოსაკას პირველი? - ქალთა ფინალისტები ცნობილია!
Aa
Aa

სერენას 24-ე თუ ოსაკას პირველი? - ქალთა ფინალისტები ცნობილია!

ამერიკის ღია პირველობის 2018 წლის ქალთა თანრიგის ფინალში სერენა უილიამსი და ნაომი ოსაკა ითამაშებენ.

ლეგენდარულმა ამერიკელმა ლატვიელი, ანასტასია სევასტოვა 6:3; 6:0-ზე გაანადგურა და უიმბლდონის ფინალის წაგებიდან რამდენიმე კვრაში, დიდი სლემის კიდევ ერთ ფინალში გავიდა.

სერენა უილიამსს დიდი სლემის 23 ტიტული აქვს მოგებული, რაც ღია ერაში რეკორდია, თუმცა ყველა დროის რეკორდსმენ მარგარეტ კორტის მაჩვენებელზე 1 ჯილდოთი ნაკლებია.

სერენას ასევე ექნება შანსი, რომ თავისივე რეკორდი გააუმჯობესოს, რაც ქალთა შორის დიდი სლემის ტურნირის ყველაზე მხცოვან ასაკში მოგებას გულისხმობს.

საკუთარი ისტორიის დაწერას აგრძელებს 20 წლის იაპონელი, ნაომი ოსაკა, რომელმაც „ფლეშინგ მედოუსის“ წინა წლის ფინალისტ მედისონ კიზს აჯობა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ოსაკამ მატჩი შესანიშნავად ჩაატარა, 6:2; 6:4 იმარჯვა და ღია ერაში პირველი იაპონელი ქალი გახდა, რომელიც დიდი სლემის ტურნირის ფინალში იასპარეზებს.

სერენასა და ოსაკას ერთმანეთში ერთადერთი ურთიერთშეხვედრა აქვთ გამართული. წლევანდელ მაიამის მასტერსზე იაპონელმა 6:3; 6:2 იმარჯვა.

ფინალური დაპირისპირება შაბათს, 8 სექტემბერს, თბილისის დროით ღამის 12 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები