ოფიციალურად: ნესტა
Aa
Aa

ოფიციალურად: ნესტა "პერუჯას" გაწვრთნის!

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ალესანდრო ნესტა სერია B-ს კლუბ "პერუჯას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან "გრიფონისთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

"ნამდვილად არ მახსოვს ამ სტადიონზე ბოლოს როდის ვიყავი. "პერუჯა" შესანიშნავი გუნდია და აქ დიდი ენთუზიაზმით მოვედი.

ეს ძლიერი გუნდია და ასე უნდა იყოს ჩემთან ან ნესბისმიერ სხვა მწვრთნელთან ერთად". - "ლაციოსა" და "მილანის" ყოფილი მწვრთნელი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. ზოგადად, ცნობილი ფაქტია, რომ ნესტას ბევრი საუბარი არ უყვარს და იგი ხშირად ჩუმად ყოფნას ამჯობინებს.

მწვრთნელის რანგში, 42 წლის ნესტასთვის "პერუჯა" პირველი იტალიური კლუბია. იგი 2016-17 წლებში ამერიკულ "მაიამის" ავარჯიშებდა, რომლის თანამფლობელიც პაოლო მალდინია.

"პერუჯა" ბოლო წლებში რამდენჯერმა გაკოტრდა, არადა გვახსოვს, რომ იგი დაახლოებით 15 წლის წინ სერია A-ში ასპარეზობდა და 2003-04 წლების სეზონში საერთოდ უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და ჯგუფურ სტადიაზე მოსახვედრად 1 ნაბიჯი დააკლდა.

სერია B-ს რეგულარული სეზონის დამთავრებამდე 1 ტური რჩება, "პერუჯა" ბოლო შეხვედრაში სტუმრად ლიდერ "ემპოლის" დაუპირისპირდება, თუმცა თამაშს არცერთი გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, "ემპოლის" უმაღლესი ლიგის საგზური აქვს განაღდებული, ხოლო ნესტას გუნდს - ფლეი-ოფში ასპარეზობა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის რანგით მეორე ლიგის პირველ 2 ადგილზე გასული გუნდი სერია A-ში პირდაპირ გადადის, ხოლო მესამედან მერვე ადგილზე გასული კლუბები ფლეი-ოფში ითამაშებენ და ერთ გუნდს გაარკვევენ, რომელიც ასევე უმაღლეს ლიგაში დაწინაურდება. 

აქვე აღვნიშნოთ, რომ ფლეი-ოფით სერია A-ში გადასვლის შანსი, ფილიპო ინძაგის გაწვრთნილ "ვენეციასა" და ფაბიო გროსოს დარიგებულ "ბარისაც" ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები