კანმა ლევანდოვსკი გააკრიტიკა - რიბერი კი
Aa
Aa

კანმა ლევანდოვსკი გააკრიტიკა - რიბერი კი "რეალს" დაემუქრა

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა გოლკიპერმა და კაპიტანმა ოლივერ კანმა ZDF-ის ეთერში მადრიდულ მიუნხენურ ნახევარფინალზე ისაუბრა და რობერტ ლევანდოვსკი გააკრიტიკა.

"შეხვედრას ვუყურე და მინდა ვთქვა, რომ ლევანდოვსკის უკეთ უნდა ეთამაშა. მას მეტი მოეთხოვება.

რობერტს აქვს ისეთი სტატუსი, როგორიც სურს, რომ ჰქონდეს, მაგრამ ასეთ შეხვედრებში ის ამ დონეს ვერასდროს აჩვენებს".

კანმა შემდეგ უშუალოდ მატჩის სცენარზე ისაუბრა.

"ეს ნამდვილი სისასტიკე იყო - "ბაიერნი" საგოლე შანსებს ქმნიდა და მას ვერ იყენებდა. სწორედ ეს გახდა შეხვედრაში გადამწყვეტი მომენტი.

საბოლოოდ, ეს შედეგი არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენ გვახსოვს განმეორებითი შეხვედრა გასულ სეზონში, რომელიც "ბაიერნმა" მაღალ დონეზე ჩაატარა. მეორეს მხრივ, "რეალი" უკვე გაფრთხილებულია და მათ იციან, თუ რას მოუტანთ შარშანდელი შეცდომების გამეორება".

"რეკორდმაისტერის" ფრანგმა გარემარბმა ფრენკ რიბერიმ კი თანაგუნდელები და ქომაგები გაამხნევა და საკუთარი twitter-ის გვერდზე სამოტივაციო პოსტი გამოაქვეყნა:

"ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი ჯერ არ დასრულებულა. მადრიდში ჩვენს შანსებს გამოვიყენებთ!"

შეგახსენებთ, რომ "რეალსა" და "ბაიერნს" შორის განმეორებითი მატჩი 1 მაისს მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ გუნდებს მეორე შეხვედრისთვის 2 ახალი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავთ. "ბაიერნს" ჯერომ ბოატენგი ვერ დაეხმარება, ხოლო "რეალს" დანი კარვახალი. ორივე მათგანი "ალიანს არენაზე" გამართულ მატჩში დაშავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები