32 წლის ასაკში ისნერმა მასტერსის სერიის პირველი ტურნირი მოიგო
Aa
Aa

32 წლის ასაკში ისნერმა მასტერსის სერიის პირველი ტურნირი მოიგო

მაიამიში გამართული წლის მე-2 მასტერსის სერიის ტურნირი, ამერიკელი ჯონ ისნერის ტრიუმფით დასრულდა. ისნერმა ფინალური მატჩი ალექსანდრ ზვერევს მოუგო და თავის კარიერაში მასტერსის სერიის ტურნირების ფინალის 3-ჯერ წაგების შემდეგ, ამ კატეგორიის პირველი ტიტული მოიპოვა.

32 წლისა და 11 თვის ასაკში იგი გახდა ყველაზე მხცოვანი ჩოგბურთელი, რომელმაც მასტერსის სერიის ტურნირი პირველად მოიგო. ზოგადად, მასზე ასაკოვანი მასტერსის კატეგორიის გათამაშებათა გამარჯვებულები ანდრე აგასი და როჯერ ფედერერი არიან.

ფინალური დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა, თუმცა ისნერმა დაამტკიცა, რომ მატჩის მოგების ღირსი გახლდათ და პირველი პარტიის ტაიბრეიკზე წაგების შემდეგ, ახალგაზრდა მოწინააღმდეგეს დარჩენილი ორი სეტი ბრეიკით მოუგო - 6:7, 6:4, 6:4.

აღსანიშნავია, რომ 208 სმ. სიმაღლის ამერიკელს, ზვერევის წინააღმდეგ, საკუთარი მოწოდება არ წაუგია, რაც გასაკვირი არაა, თუმცა საგულისხმოა ის, რომ მან მიმდინარე გათამაშების ფინალამდეც ზედიზედ 37 გეიმი შეინახა... მე-2 წრეში მიხაილ იუჟნისთან მოწოდების დათმობის შემდეგ, გიგანტმა ჯონმა მეტოქეებს ბრეიკის შესრულების საშუალება არ მისცა, ეს სერია კი , როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზვერევთან მატჩისასაც გააგრძელა და ახლა მის ანგარიშზე ზედიზედ 53 წაუგებელი საკუთარი გეიმია.

მაიამიში წარმატებული თამაშის გამო, ისნერი 1000 სარეიტინგო ქულასა და 1 340 860 ამერიკულ დოლარს მიიღებს. იგი მიმდინარე კვირის რეიტინგის მიხედვით კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს გაიმეორებს, რაც ATP-ს კლასიფიკაციაში მე-9 პოზიციაზე ყოფნას გულისხმობს. ბოლოს იგი ამ სარეიტინგო ადგილს 2012 წლის აპრილში იკავებდა.

ასევე იხილეთ - 6-დან 6 მოგებული ფინალი და TOP10 - მაიამის მასტერსი სტივენსისაა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები