მესის უცნობი ისტორია - არჩევანი იტალიის, ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის
Aa
Aa

მესის უცნობი ისტორია - არჩევანი იტალიის, ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის

რასკევს „ოლდ ტრაფორდზე“ ერთმანეთს არგენტინისა და იტალიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად სანაკრებო პაუზაა და გუნდები მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადების პროცესს იწყებენ.

ლეო მესი, რა თქმა უნდა მოედანზე იქნება და „სკუადრა აძურას“ შეუტევს. საინტერესოა, რომ ახალგაზრდობაში არგენტინელ გენიოსს იტალიის ნაკრების მაისურით გამოსვლის შანსი ჰქონდა.

ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინი - შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ „ლა პულგას“ (რწყილი) იტალიელი წინაპრები ჰყავდა.

მესის დიდი ბაბუა 1983 წელს იტალიის ქალაქ რეჩანატიდან საცხოვრებლად როსარიოში გადავიდა და პატარა ლეოს მარტივად შეეძლო, რომ მასაც იტალიური პასპორტი ჰქონოდა.

ოფიციალურად არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტი, ან საბუთი, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მესის დარწმუნებას ცდილობდა.

საფეხბურთო წრეებში ბევრი საუბრობს, რომ იტალია და ესპანეთი ლეოს ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, თუმცა მესის „სკუადრა აძურას“ ვარიანტი არასდროს განუხილავს.

თუ, იტალიელთა შემთხვევაში ოფიციალური წინადადება და მცდელობა არ ყოფილა, ესპანელთა შემთხვევაში ნამდვილი ორთაბრძოლა გაჩაღდა.

არგენტინა - ქვეყანა, სადაც მესი დაიბადა და ესპანეთი, სადაც ის გაიზარდა, ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და სადაც მისი დიდი ბაბუა ცხოვრობდა. ეს იყო ბალაგერი, ქალაქი კატალონიაში.

არგენტინაში მესის აღმოჩენის შემდეგ „ბარსას“ სპორტული დირექტორი კარლეს რეშაკი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოსალაპარაკებლად წავიდა, რათა ლეო „ფურია როხაში“ გამოეძახებინათ.

ლეოს სურვილი ყოველთვის ნათელი იყო - მას არგენტინის მაისურით თამაში სურდა. ამ ფაქტმა ფეხბურთის ფედერაცია აიძულა, რომ 2004 წელს 16 წლის მესი 20 წლამდელთა ნაკრებში პარაგვაისთან და ურუგვაისთან ამხანაგურ შეხვედრებისთვის გამოეძახებინათ.

ხსენებულ ორ შეხვედრაში მესიმ 3 ბურთის გატანა შეძლო და ის მალევე დააწინაურეს. შემდეგი საფეხური 23 წლამდელთა ნაკრები იყო.

ლეომ თავის წიგნში „მესი, პატრიოტი“, შემდეგი რამ დაწერა: „მე, არაოფიციალურად მკითხეს მინდოდა, თუ არა მეთამაშა ესპანეთის ნაკრებში, მაგრამ ჩემი არჩევანი ყოველთვის არგენტინა იყო. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ბავშვობიდანვე მსურდა, რომ მხოლოდ ამ ფერის მაისური მეტარებინა.

მუდამ არგენტინის ნაკრების თავგადაკლული გულშემატკივარი ვიყავი. ნაკრების თამაშებს ყოველთვის ტელევიზორში ვუყურებდი, რადგან არ შემეძლო, რომ სტადიონზე მივსულიყავი და ქომაგის როლი მომერგო“.

როგორც ხედავთ, მესის მარტივად შეეძლო, რომ ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობა აერჩია და მას დღეს, საკლუბოზე არანაკლებ ტიტულოვანი სანაკრებო კარიერა ექნებოდა, თუმცა „რწყილს“ თავისი ქვეყანა ყოველთვის უყვარდა და მუდამ ოცნებობდა, რომ „ალბისელსესტესთან“ ერთად მუნდიალი მოეგო.

მესის, წელს ოცნების რეალობად ქცევის ბოლო შანსი ექნება...

ასევე იხილეთ - პირველად და საჯაროდ - მესიმ თავის რთულ ბავშვობაზე ისაუბრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები