15 მილიონი ბონუსად და 12 მილიონი წელიწადში | ბაიერნს ტას დამატება სურს
„ლევერკუზენის“ ცენტრალური მცველის, ჯონატან ტას გადასაბირებლად „ბაიერნი“ ძალღონეს არ იშურებს. გერმანული მედიის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ მზადაა, ტას წელიწადში 12 მილიონი ევრო გადაუხადოს.
გამოცემა Ran.de-ს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ 29 წლის მცველი ზაფხულში მიუნხენელებს შეუერთდება, „ბაიერნის“ მას ბონუსის სახით 15 მილიონ ევროს გადაუხდის.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯონატან ტა „ბარსელონას“ შეუთანხმდა და ზაფხულში ჰანსი ფლიკის გუნდს შეუერთდება, თუმცა მოგვიანებით დაიწერა, რომ „ბლაუგრანას“ ფინანსური პრობლემების გამო ტრანსფერი ვერ განხორციელდებოდა. კერძოდ, კატალონიური კლუბი ვერ აძლევდა ფეხბურთელს გარანტიას, რომ ახალ სეზონში მის დარეგისტრირებას შეძლებდა.
როგორც Ran.de წერს, ტას ტრანსფერი შარშან ზაფხულში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა სადამკვირვებლო საბჭომ მას ვეტო დაადო. ახლა კი „ბაიერნი“ შარშანდელი შეთავაზების გაუმჯობესებას არ აპირებს, ხოლო იმის გამო, რომ ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მიუნხენური კლუბი მზადაა, ტას ბონუსის სახით 15 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჯონატან ტამ 48 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.