ჯუდის შემდეგ მისი ძმაც - დორტმუნდი ჯობ ბელინგემის ტრანსფერზე მუშაობს
დორტმუნდის „ბორუსია“ ჯუდ ბელინგემის ძმის, ჯობ ბელინგემის ტრანსფერზე მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ Sky Sports-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კლუბის დირექტორი ლარს რიკენი და მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ინგლისში იმყოფებოდნენ და „სანდერლენის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები გამართეს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, გერმანელები მზად არიან, 19 წლის ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ცნობისთვის, ჯობ ბელინგემს „სანდერლენდთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მას 40 მატჩში 4 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ ჯობის უფროსი ძმა, ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალში“ სწორედ „დორტმუნდიდან“ გადავიდა. გერმანულ კლუბში ბელინგემმა 3 წელიწადში 132 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.