''ახლა ცვლილების დროა'' - ''ვფიქრობ წასვლის დრო სწორად შევარჩიე''
Aa
Aa

''ახლა ცვლილების დროა'' - ''ვფიქრობ წასვლის დრო სწორად შევარჩიე''

საფეხბურთო კლუბ მადრიდის ''რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პოსტი დატოვა. ფრანგმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

 

''მე მიყვარს ეს კლუბი. მე მიყვარს პრეზიდენტი, რომელმაც მომცა საშუალება ჯერ მეთამაშა ''სამეფო კლუბისთვის,'' შემდეგ კი გუნდის მთავარ მწვრთნელად მემუშავა. მშვენიერი მომენტი იყო, როცა მადრიდის ''რეალში'' სათამაშოდ გადმოვედი.

მე მუდამ პრეზიდენტის მადლიერი ვიქნები, მაგრამ ახლა ცვლილების დროა. ვფიქრობ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. დიდი მადლობა ქომაგებს მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. გასულ სეზონში გვქონდა მძიმე მომენტები, როდესაც ვერ ვაჩვენებდით საუკეთესო ფეხბურთს, მაგრამ ქომაგები მხარს გვიჭერდნენ და მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ვიდრე გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ ვიტყოდი, გუნდის თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალურად ვესაუბრე. ვფიქრობ ყველასთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ასევე ვესაუბრე რამოსს. ის არის ნამდვილი ლიდერი და ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ერთად მუშაობა სამ წელზე მეტი ხანი.

გასული სეზონიდან ყველაზე ცუდი მომენტი იყო მარცხი ესპანეთის თასის მეორე ეტაპზე, როდესაც ვერ დავძლიეთ ''ლეგანესის'' ბარიერი.

''რეალმა'' უნდა გააგრძელოს სვლა გამარჯვებებისკენ, რისთვისაც საჭიროა ცვლილება. ვითარება მოითხოვს განსხვავებულ ხმას, განსხვავებულ მეთოდოლოგიას.

ეს არის კლუბი, რომელმაც 13 ევროპული თასი მოიგო. ბედნიერი ვარ რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი'' - განაცხადა ზინედინ ზიდანმა, რომლის მთავარი მწვრთნელობისას ''სამეფო კლუბმა'' ზედიზედ სამჯერ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი.

 45 წლის ზიდანმა რაფაელ ბენიტესის წასვლის შემდეგ 2016 წლის იანვარში დაიკავა ''რეალის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი. ზიდანის ხელმძღვანელობით მადრიდულმა გრანდმა 149 მატჩი ჩაატარა. მათგან 104 შეხვედრა ''სამეფო კლუბის'' გამარჯვებით დასრულდა, 29 თამაში კი - ფრედ. ზიდანის ხელმძღვანელობით კლუბმა 9 ტიტული მოიგო, მათ შორის სამი ჩემპიონთა ლიგის თასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები