Aa
Aa

"ლივერპულმა" ფაბინიო გაიფორმა

ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან რამდენიმე დღის შემდეგ „ლივერმა“ „მონაკოსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფაბინიო მომავალ სეზონს „მერსისაიდელთა“ რიგებში გაატარებს.

„წითლები“ ფაბინიოს ემრე ჯანის შემცვლელად განიხილავენ. ეს უკანასკნელი გუნდს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს და კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.

„ლივერპული“ ბრაზილიელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაიხდის და ფრანგულ გუნდს ბონუსების სახით 5 მილიონ ევროსაც გადაურიცხავს.

კლუბის ვებსაიტთან საუბრისას ფაბინიომ განაცხადა:“ლივერპულში გადმოსვლით აღფრთოვანებული ვარ. ევროპულ გრანდში თამაში ჩემი ოცნება იყო. კლუბს შესანიშნავი ინფრასტუქტურა აქვს”

“სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დონის გუნდი შენი ნიჭითაა დაინტერესებული. „ლივერპულის“ შესახებ დიდხანს არ მიფიქრია და შემოთავაზებას მაშინვე დავთანხმდი”.

“კლუბში ისტორიის დაწერას ინდივიდუალურ დონეზე შევეცდები და დარწმუნებული ვარ გუნდთან ერთად ტიტულებსაც მოვიგებ. იმედი მაქვს საფეხბურთო კუთხით პროგრესს მივაღწევ და გუნდის ისტორიაში ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებ“.

„ლივერპული“ ბრაზილიელი ნახევარმცველით დიდი ხანია დაინტერესებულია და შარშან მასთან ერთად კილიან მბაპეს, ტომას ლემარის და ბენჟამინ მენდის გადმობირება სურდა. გავრცელებული ინფორმაციით კლოპის ყურადღების ცენტრში „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ჟორჟინიოც მოექცა.

ფაბინიო „ლივერპულის“ გაძლიერების კლოპისეული გეგმის პირველი ნაწილია. გერმანელს მასთან ერთად ნაბილ ფეკირის გადმობირებაც სურს, რომელიც სავარაუდოთ ინგლისურ გუნდს 60 მილიონი ფუნტი დაუჯდება. „მერსისაიდელები“ „რომას“ მეკარით, ალისონითაც არიან დაინტერესებული და მზად არიან მის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა გადაიხადონ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ინგლისელებს ფინანსური ფეარ პლეის წესების გათვალისწინება მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები