ალისონმა ლივერპულში არა ტრავმის, არამედ მუნდიალის გამო არ ითამაშა
ალისონ ბეკერმა აღიარა, რომ გასულ სეზონში „ლივერპულის“ რამდენიმე მატჩი სიფრთხილის გამო გამოტოვა და ტრავმა არ აწუხებდა. ამის მიზეზი ამ ზაფხულს ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ მზად ყოფნა იყო.
მას ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდა და გასულ სეზონში ბარძაყის დაზიანების გამო მატჩების მთელი სერია გამოტოვა, რის გამოც იგი სათადარიგო მეკარეებმა, გიორგი მამარდაშვილმა და ფრედი ვუდმანმა შეცვალეს.
სეზონის ბოლო ორ თვეში ალისონმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა - პრემიერლიგის დასკვნითი შეხვედრა შინ „ბრენტფორდთან“, თუმცა ახლა ირკვევა, რომ მისი არყოფნის გარკვეული პერიოდი სტრატეგიული სვლა იყო, რათა კარლო ანჩელოტის მიერ შედგენილ ბრაზილიის ნაკრების განაცხადში მოხვედრილიყო.
პორტუგალიურენოვან ვებგვერდ Estadao-სთან საუბრისას, ალისონმა აღიარა:
„100%-ით მზად ვარ. „ლივერპულში“ თამაშების გამოტოვება იმ გეგმის ნაწილი იყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩემს მზადყოფნას უზრუნველყოფდა.
ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ. ჩემზე მეტად არავინ გამაკრიტიკებს. მაგრამ ჩემი კრიტიკა ყოველდღიურ ფაქტებს, ტექნიკურ და ფსიქოლოგიურ ანალიზს ეფუძნება. ჩემზე უკეთ არავინ მიცნობს.
ყველამ იცის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ გარკვეული პერიოდი გამოვტოვე, მაგრამ ეს დიდწილად იმისთვის მოხდა, რომ მუნდიალისთვის 100%-ით მზად ვყოფილიყავი.“
ალისონის ამ სიტყვებს „ლივერპულის“ ქომაგებში უკმაყოფილება მოჰყვა. „სკაუზერები“ ბრაზილიელ მეკარეს კლუბის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში სდებენ ბრალს, რადგან გუნდს რთული სეზონი ჰქონდა და მას ყველანაირი დახმარება სჭირდებოდა.