“ჩემი გული ისევ ნორმალურ რიტმში ცემს“ - ლაპორტას ჯანმრთელობა დასტაბილურდა
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ გულის არითმია დაუდგინდა, თუმცა ექიმებმა მდგომარეობის სწრაფად სტაბილიზება შეძლეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
ლაპორტამ ინფორმაცია სამშაბათს სოციალურ ქსელში, საკუთარი ადვოკატის საშუალებით გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ წარმატებული მკურნალობის შემდეგ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ბარსელონას“ საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს.
„ყველაფერმა კარგად ჩაიარა! არითმია აღმომიფხვრეს! ჩემი გული ისევ ნორმალურ რიტმში ცემს!“ — დაწერა ლაპორტამ.
კლუბის პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გაემგზავრება ინგლისში, სადაც „ბარსელონა“ წინასასეზონო შეკრებას გადის და პარასკევს „ბირმინგემ სიტის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
ლაპორტამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს.
„უდიდეს მადლობას ვუხდი „ბარსელონას“ საავადმყოფოს შესანიშნავ ექიმებს, ექთნებსა და სამედიცინო პერსონალს, დოქტორ ჟორდი მორილიასის ხელმძღვანელობით. მათ შესანიშნავად იმუშავეს. პროფესიონალიზმთან ერთად, გამოავლინეს ადამიანური დამოკიდებულება, გულისხმიერება, მოთმინება და ზრუნვა, რითიც მედიცინისა და ჰიპოკრატეს ფიცის ღირსება კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს,“ — აღნიშნა მან.
ლაპორტამ ასევე შეაქო „ბარსელონას“ სამედიცინო შტაბიც.
„ძალიან ვამაყობ,“ — დაწერა კლუბის პრეზიდენტმა.
ბოლოს კი მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ბოლო საათების განმავლობაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
„გულითად მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის,“ — განაცხადა ჟოან ლაპორტამ.