12,5 მილიონი რუნის ტრანსფერში - 32 წლის ფორვარდი პრემიერლიგას ტოვებს
საფეხბურთო კლუბ ‘‘ევერტონის’’ ფეხბურთელი უეინ რუნი კარიერას MLS-ში გააგრძელებს. BBC-ის ცნობით 32 წლის ფორვარდის ტრანსფერში “მერსისაიდული’’ კლუბი 12,5 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს და რუნის “დისი იუნაიტედის’’ ფორმით ვიხილავთ.
რუნის წარმომადგენლები აშშ-ში იმყოფებოდნენ და მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ამერიკულ კლუბთან. ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს სურვილი ჰქონდა დაეტოვებინა პრემიერლიგა.
ინგლისურ მედიასთან ''ევერტონის'' მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა განაცხადა, რომ რუნის პირადად მასთან ტრანსფერის შესახებ არ უსაუბრია. ინგლისის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის თქმით მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ უეინის შეძენით ''დისი იუნაიტედი'' დაინტერესებული იყო.
2004 წელს “ევერტონიდან’’ წავიდა და 13 სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედში’’ გაატარა. გასულ წელს ერთი სეზონით “ევერტონში’’ დაბრუნდა. MLS-ში სატრანსფერო ფანჯარა ივლისში გაიხსნება.

მიმდინარე სეზონში რუნი 11 გოლით “ევერტონის’’ საუკეთესო ბომბარდირია. პირველი გოლი სეზონის გახსნით მატჩში “სტოკს’’ თავური დარტყმით შეუგდო, ასევე იყო გოლი ''მერსისაიდულ'' დერბიში და ჰეთ-თრიქი “ვესტ ჰემთან’’ მოგებულ შეხვედრაში.

რუნი პრემიერლიგის ხუთგზის გამარჯვებულია. 2008 წელს ''წითელ ეშმაკებთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2017 წელს ''იუნაიტედთან'' ერთად ევროპა ლიგა მოიგო და შემდეგ კლუბს დაემშვიდობა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლის მიხედვით რუნი ინგლისის ეროვნული ნაკრების რეკორდსმენია. 2003-16 წლებში 119 ჩატარებულ მატჩში 53 გოლი შეაგდო. მატჩების რაოდენობით რუნი მხოლოდ პიტერ შილტონს ჩამორჩება. ლეგენდარულმა მეკარემ 125 თამაშში მიიღო მონაწილეობა.