30-წლიანი პაუზის შემდეგ - სამბისტების ისტორიული შედეგი
საქართველოს სამბისტთა ნაკრების ისტორიული შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე - 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, მამაკაცებს შორის სპორტულ სამბოში ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა პლანეტის პირველობის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველმა სამბისტებმა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გამართული ტურნირი 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონები სპორტულ სამბოში ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ), ავთო მუკბანიანი (64 კგ), ჯაბა თურქია (71 კგ) და უჩა ტაბატაძე (+98 კგ) გახდნენ, ხოლო პარა სამბოში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი გამჯაშვილი (79 კგ) ავიდა. ფინალში ჩიდრაშვილმა ბელარუსი ბურძ ულადისლაუ, მუკბანიანმა ყაზახი ჟანდოს ბეისენბაიევი, ტაბატაძემ რუსი სტეპან სოლდატენკოვი, თურქიამ ყაზახი არნურ კუატაი, ხოლო გამჯაშვილმა ტაჯიკი შოხრუხ ნაზაროვი დაამარცხა.
ცნობისათვის, ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ ელენე ქებაძესა (+80 კგ) და არჩილ გოგოლაშვილს (98 კგ), რომლებიც ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ. ბექა ძაგანიშვილმა (88 კგ), გიორგი ეგნატაშვილმა (88 კგ), სოფიო ბაღიშვილმა (50 კგ) და რამინ ყიფშიძემ (98 კგ) კი, ჩვენი ქვეყნის დელეგაციას ბრინჯაოს მედლები მოუტანეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს